IR

აზერბაიჯანის ენერგეტიკული პოლიტიკა

Posted in Articles by teonaturashvili on იანვარი 5, 2010

ავტორი: თამარ ნოდარიშვილი

დაწერის თარიღი: 2009 წელი, მაისი

საკითხის ზოგადი მიმოხილვა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია როგორც ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელმა ქვეყანამ. უცხოურმა ინვესტიციებმა, დემოკრატიისკენ სწრაფვამ და ბაზარზე ორიენტირებულმა ეკონომიკამ შესაძლებლობა მისცა აზერბაიჯანს დამკვიდრებულიყო მსოფლიო ეკონომიკაში და სუსტი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან გადაქცეულიყო კავკასიისა და კასპიის რეგიონებში ანგარიშგასაწევ ძალად.

აზერბაიჯანმა ასევე შეძლო აშშ-ს, ევროპისა და აზიის ქვეყნების დაინტერესება არა მხოლოდ გაზისა და ნავთობის მარაგებით, არამედ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობითაც კასპიის ზღვის აუზში. ამის ძირითადი მიზეზია დასავლეთის ქვეყნების სწრფვა თავი დააღწიონ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის რესურსებსა და რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას. მითუმეტეს, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა 1998-2010 წლებში წელიწადში 2-3%-ით იზრდება და 2030 წლისთვის მსოფლიო მოთხოვნა ნავთობზე დღე-ღამეში 110-113 მილიონ ბარელს მიაღწევს.[1]

ამის გამო, ბოლო დროს აშშ და ევროკავშირი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მიწოდების უსაფრთხოების მიზნით, ენერგომატარებლების ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.[2] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი კი კასპიის ზღვის აუზია, სადაც მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა 1995 წლიდან დაიწყეს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების განხორცილება.[3]

კასპიის ზღვის აუზის რეგიონს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დივერსიფიცირება და არასტაბილურ სპარსეთის ყურეზე დამოკიდებულების შემცირება შეუძლია. კასპიის ზღვის აუზში კი აზერბაიჯანს ენერგორესურსების სტრატეგიული განლაგება გააჩნია. რაც იმას გულისხმობს, რომ საბადოების ათვისება მარტივია და დიდ თანხებს არ საჭიროებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე ნავთობი ერთ-ერთი უნიკალური ხარისხითა და პარაფინის შემცველობით ხასიათდება.

საკითხის მოკლე ისტორიული მიმოხილვა
აზერბაიჯანის ნავთობის მრეწველობას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს:
• ყველაზე ძველი ჭაბურღილი აბშერონის ნახევარკუნძულზე 1794 წელს გათხარეს. მისი სიგრძე 35 მეტრი იყო და ადგილობრივ მემამულეს ეკუთვნოდა.[4]
• XIX საუკუნის ბოლოს მსოფლიოში მხოლოდ ორი ნავთობმომპოვებელი რეგიონი იყო: აზერბაიჯანი და პენსილვანია (აშშ).[5]
• 1901 წელს აზერბაიჯანი პირველ ადგილზე იყო ნავთობის წარმოებაში 11,5 მილიონი ტონა მოპოვებული ნავთობით (ამ წელს აშშ-მა 9.1 მილიონი ტონა ნავთობი აწარმოა) [6]

• აზერბაიჯანის ნავთობის ისტორია 1870 წლიდან 1917 წლის თებერვლამდე სამ ფაზად იყოფა:
1. 1872-1900 წწ. ნავთობინდუსტრიის გამსხვილების პერიოდი
2. 1901-1913 წწ. წინა ფაზის განვითარების ტენდენცია და დიდი ნავთობკომპანიების ჩამოყალიბება
3. 1914-1917 წწ. ნავთობი მრეწველობის საგრძნობი შეფერხება.[7]
• საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის ნავთობინდუსტრია საკმაოდ ჩამორჩენილი იყო, რადგანაც ორიენტაცია მთლიანად რუსეთის მომარაგებაზე ქონდა აღებული. ნავთობის მრეწველობამ მხოლოდ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიიღო გასაქანი, რასაც მოყვა შეთანხმებები უცხოურ კომპანიებთან და კონსორციუმებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ნავთობის მოპოვების მაქსიმალური დონე მიღწეულია სსრკ-ს პერიოდში, 1941 წელს – 23,5 მილიონი ტონა ნავთობი (სსრკ-ს ნავთობმოპოვების 71,4%), ხოლო გაზისა – 1981 წელს – 15 მილიარდი კუბური მეტრი (მათ შორის 12,8 საზღვაო საბადოებიდან). ამ მაჩვენებლების გადაჭარბება კი მხოლოდ 2003 წელს გახდა შესაძლებელი.[8]

დეტალები

ნავთობი
აზერბაიჯანის ნავთობის მარაგი OPEC-ის წევრი ქვეყნების მარაგთან შედარებით ძალიან ცოტაა, მაგრამ კასპიის რეგიონი და აზერბაიჯანი ევროპისთვის მაინც ძალიან საინტერესოა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მონაცემებით აზერბაიჯანის ნავთობის მარაგი 17,5 მილიარდი ბარელია, ხოლო სხვა ექსპერტების კვლევების მიხედვით – 7-13 მილიარდ ბარელამდე მერყეობს.[9]

დღესდღეობით აზერბაიჯანის ნავთობმოპოვების ძირითადი ნაწილი (80% 2007 წელს) აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის (AIOC) აზერი ჩირაგი გუნეშლის (ACG) საბადოზე მოდის. ასევე ეს კონსორციუმი აკონტროლებს აზერბაიჯანის ექსპორტის 70%-ს.[10]

SOCAR-ი დაარსდა 1992 წლის სექტემბერში ორი აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიის აზერინეფტისა და აზნეფტქიმიას გაერთიანების შედეგედ. SOCAR-ი არის ყველა კონსორციუმის მონაწილე აზერბაიჯანში. SOCAR-ის შექმნის შემდეგ ხელი მოეწერა 27 შეთანხმებას, რომელთაგანაც 15 კონტრაქტი ეხება აზერბაიჯანის კასპიის ზღვის საქტორის პროექტებს, ხოლო დანარჩენი 12 – აზერბაიჯანის სახმელეთო ტერიტორიაზე არსებული ენერგომატარებლების პროექტებს. ამ შეთანხმბებში მონაწილებს 21 ქვეყნის 43 კომპანია.[11]

რაც შეეხება აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტს, 2007 წელს იგი 730 000 ბარელი ნავთობის ექსპორტს ახდენდა, რომლის უდიდესი ნაწილის ექსპორტსაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი (BTC) ახორციელებდა.[12]

აზერბაიჯანის სხვა საექსპორტო მარშრუტებია ბაქო-ნოვოროსიისკი და ბაქო-სუფსა, რომელთა ექსპორტიც ბევრად ჩამოუვარდება BTC-ს ექსპორტს.

2009 წლის იანვარი-მაისის პერიოდში აზერბაიჯანის ექსპორტი იყო: 99,541 ტონა ბენზინი, 625,398 ტონა დიზელი, 173,235 ტონა საწვავი რეაქტიული ძრავებისთვის და 32,094 ტონა ნავთი.[13]

ბუნებრივი აირი
აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის საკმაოდ მნიშვნელოვანი მარაგი გააჩნია. ოფიციალური მონაცემებით აზერბაიჯანის მფლობელობაშია 30-48 ტრილიონი კუბური ფუტი გაზის მარაგი. 2008 წელს გაზის მოპოვება იყო დაახლოებით 500 მილიარდი კუბური ფუტი, რომლის გაზრდაც 2011 წლისთვის 1,1 ტრილიონ კუბურ ფუტამდე იგეგმება.[14]

შაჰ დენიზ-ის გაზის საბადოს საშუალებით აზერბაიჯანს შეუძლია თურქეთს და ევროკავშირს მიაწოდის გაზი. ეს საბადო უდიდესია აზერბაიჯანში და იმართება შაჰ დენიზ კონსორციუმის მიერ (წევრები: BP; Statoil, SOCAR, LukAgip; NICO; TotalFinaElf da TPAO)[15]

მთავარი მილსადენი აზერბაიჯანის გაზის ექსპორტში არის სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, იგივე ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენი, რომლის წარმადობაც წელიწადში არის 233 მილიარდი კუბური ფუტი და 2012 წლისთვის 700 მილიარდ კუბურ ფუტს მიაღწევს. [16]

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაძაბული ურთიერთობების გამო აზერბაიჯანის ანკლავი – ნახიჭევანი აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან გაზს ირანზე ტრანზიტის საშუალებით იღებს.[17]

ზერბაიჯანის ენერგეტიკული პოლიტიკა და საქართველო

ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი ერთადერთია, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანული გაზი რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის გარეშე მიემართება ევროპისკენ. ამიტომ არსებობს ალტერნატიული პროექტებიც. ერთ-ერთი ასეთი პროექტია თეთრი ნაკადი, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ შავი ზღვის ფსკერს და უკრაინის გავლით მიეწოდება ევროკავშირს. ეს გაზსადენი საქართველოს ტერიტორიის 100 კილომეტრს გაივლის.[18] თეთრი ნაკადი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია როგორც ევროპისთვის, ისე საქართველოსთვის. რადგან იგი კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ დაცულობას.

მეორე მნიშვნელოვანი ალტერნატიული პროექტია ნაბუქო. რომელიც ასევე გაივლის აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე და ევროპას ბუნებრივ აირს მიაწვდის. თუმცა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული აზერბაიჯანი გაზის მიმწოდებელი იქნება, თუ მხოლოდ ტრანზიტიორი ქვეყანა გახდება. ნაბუქოს პროექტის გენერალური დირექტორის რაინჰარდ მიჩეკის განცხადებით შესაძლებელია მომავალ კვირას მოეწეროს ხელი ნაბუქოს სამთავრობოთორისო ხელშეკრულებას, რომლითაც ცნობილი გახდება ბუნებრივი აირის მიმწოდებლები და ტრანზიტიორი ქვეყნები.[19]

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში ნავთობისა, და განსაკუთრებით, ბუნებრივი გაზის დიდი მარაგების არსებობის გამო, უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მზარდი მოთხოვნილება ენერგომატარებლებზე. ამით მოიმატებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი. ამის გამო კი, ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთვება საქართველოს წინაშე მდგარი პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაში. მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში.[20]

ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის შედეგად გაიზრდება საქართველოს კუთვნილი სატრანზიტო საფასურის სანაცვლო გაზის მოცულობაც.[21] ეს კი ქვეყანის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს და ეკონომიკურ მოგებას მოუტანს საქართველოს.

ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში გაჩნდება ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ აღიარების დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებასთან ერთად, რაც შემდგომში სერიოზულ საფუძველს შექმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ჩამოყალიბებისთვის.[22]

დასკვნა

მას შემდეგ, რაც 1991 წელს აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, მის მიმართ ინტერესი გაღრმავდა, რაც ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგების დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო კასპიის ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება და 2000 წელს მწვანე დოკუმენტიც კი შექმნა, ევროპის სტრატეგიულ გათვლებში კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ენერგომატარებლები ბოლო დრომდე მაინც უმნიშვნელო ადგილს იკავებდა. სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანს”, რომელიც თავიდანვე მოწოდებული იყო ევროპაში კასპიის რეგიონის ენერგორესურსების ექსპორტის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან თითქმის არ ექცეოდა ყურადღება.

დღეისათვის ვითარება შეიცვალა: ნავთობზე მსოფლიო ფასების უპრეცედენტო ზრდამ, ენერგორესურსებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანმა სიდიდემ და OPEC-ის წევრი ქვეყნებისა და რუსეთზე ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების ხარისხის შეუქცევადმა მატებამ, ევროპის ქვეყნების წინაშე დააყენა გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი. ამიტომ ნავთობისა და გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების მოძიერბის მნიშვნელობამ იმატა.

კასპიისა და კავკასიის რეგიონებით ევროპის დაინტერესებასთან ერთად, გაიზარდა რუსეთის დაინტერესებაც. რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგიის მიხედვით,
• კრემლმა არ უნდა დაუშვას ევროპის მიერ ენერგეტიკული, განსაკუთრებით კი, ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია.
• რუსეთმა უნდა გააკონტროლოს დასავლეთში გაზის მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლი –დაწყებული რესურსების მომპოვებელი კომპანიებით რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში სატრანსპორტო დერეფნების და ევროპაში სადისტრიბუციო კომპანიებისა და გაზის საცავების აქტივებით დამთავრებული.

სწორედ ასეთი პოლიტიკის გამოხატულება იყო რესეთის შეთავაზება აზერბაიჯანისადმი, რომ რუსეთი შეისყიდდა აზერბაიჯანის გაზის მარაგებს სრულად, რაზეც რუსეთმა პრეზიდენტ ალიევისგან თანხმობა ვერ მიიღო.

კრემლის ასეთი პოლიტიკა საფრთხისშემცველია აზერბაიჯანისთვის, მაგრამ რუსული გაზის კრიზისების შემდეგ ევროპის დაინტერესება ძალიან დიდია რეგიონის მიმართ და ამიტომ სავარაუდოა, რომ რუსეთის დაუფარავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპა შეძლებს კასპიის რეგიონიდან მიიღოს რუსეთის მიერ გაუკონტროლებელი ბუნებრივი აირი.

Footnotes:
1. ჩიტაძე, ნიკა. კასპიის სანავთობო პროექტების პერსპექტივები მსოფლიო ეკონომიკაში
2. Declaration of the Budapest Nabucco Summit
3. ჩიტაძე, ნიკა. კასპიის სანავთობო პროექტების პერსპექტივები მსოფლიო ეკონომიკაში
4. ჩიტაძე, ნიკა. კასპიის სანავთობო პროექტების პერსპექტივები მსოფლიო ეკონომიკაში
5. ჩიტაძე, ნიკა. კასპიის სანავთობო პროექტების პერსპექტივები მსოფლიო ეკონომიკაში
6. http://socar.az/oilhistory-en.html
7. ჩიტაძე, ნიკა. კასპიის სანავთობო პროექტების პერსპექტივები მსოფლიო ეკონომიკაში
8. http://socar.az/oilhistory-en.html
9. http://www.eia.doe.gov/cabs/Azerbaijan/Background.thml
10. http://www.eia.doe.gov/cabs/Azerbaijan/Background.thml
11. http://socar.az/1128-news-view-en.html
12. http://www.eia.doe.gov/cabs/Azerbaijan/Background.thml
13. http://www.today.az/news/business/52944.html
14. http://www.eia.doe.gov/cabs/Azerbaijan/Background.thml
15. http://www.eia.doe.gov/cabs/Azerbaijan/Background.thml
16. http://socar.az/oilstrategy-en.html
17. ჩიტაძე, ნიკა. კასპიის სანავთობო პროექტების პერსპექტივები მსოფლიო ეკონომიკაში
18. http://www.today.az/news/business/51486.html
19. http://www.today.az/news/business/52881.html
20. კაპანაძე, სერგი; გოგოლაშვილი, კახა; ევროპის პოლიტიკა: მიმდინარე საკითხები
21. კაპანაძე, სერგი; გოგოლაშვილი, კახა; ევროპის პოლიტიკა: მიმდინარე საკითხები
22. კაპანაძე, სერგი; გოგოლაშვილი, კახა; ევროპის პოლიტიკა: მიმდინარე საკითხები
23. http://www.eia.doe.gov/cabs/Azerbaijan/Background.thml
24. კაპანაძე, სერგი; გოგოლაშვილი, კახა; ევროპის პოლიტიკა: მიმდინარე საკითხები

ბიბლიოგრაფია:
1. ჩიტაძე, ნიკა. კასპიის სანავთობო პროექტების პერსპექტივები მსოფლიო ეკონომიკაში
2. კაპანაძე, სერგი; გოგოლაშვილი, კახა; ევროპის პოლიტიკა: მიმდინარე საკითხები
3. ტოროშელიძე, იოსებ; პუტინის საგარეო პოლიტიკა
4. Declaration of the Budapest Nabucco Summit
5. http://www.eia.doe.gov/cabs/Azerbaijan/Background.thml
6. http://socar.az/oilhistory-en.html
7. http://socar.az/1128-news-view-en.html
8. http://www.today.az/news/business/52944.html
9. http://www.today.az/news/business/51486.html
10. http://www.today.az/news/business/52881.html
11. http://socar.az/oilstrategy-en.html

დატოვე კომენტარი