IR

ტრაპიზონის სამეფოს შექმნა თავდასხმითი რეალიზმის კონტექსტში

Posted in Articles by teonaturashvili on თებერვალი 18, 2010

ნაშრომის ავტორი: თეონა ტურაშვილი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2010 წლის იანვარი

შესავალი
საქართველოს ისტორიაში ,,ოქროს ხანად” იწოდება დავითისა და თამარის მეფობის პერიოდი. ამ დროს ხდება არა მხოლოდ ქვეყნის გაერთაინება და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, არამედ გავლენის სფეროების შექმნა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ეს ნაშრომი ეხება თამარ მეფის მიერ ტრაპიზონის სამეფოს შექმნას. ეს ქმედება მისი პოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება იყო. შევეცდები მისი პოლიტიკა და კონკრეტულად ეს ქმედება ავხსნა საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი გავლენიანი თეორიის – რეალიზმის (უფრო დაკონკრეტებით თავდასხმითი რეალიზმის) – მეშვეობით. ძირითადი საკვლევი კითხვაა – რით იყო ნაკარნახევი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნა?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნაშრომში აღწერილია ისტორიული კონტექსტი და თამარის დროინდელი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები. შემდეგ ნაჩვენებია ის პოსტულატები, რომელსაც თავდასხმითი რეალიზმი გვთავაზობს სახელმწიფოების ქცევის ახსნის დროს. ამის შემდეგ მოდის მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს სამეფო XII-ის ბოლოსა და XIII საუკუნის დასაწყისში რეგიონულ ჰეგემონს წარმოადგენდა. ასევე, აუცილებლად უნდა იქნება ახსნილი ბუფერული სახელმწიფოს ფენომენი, რა თავისებურებებით ხასიათდება იგი და ამავე დროს რამდენად ჯდება ტრაპიზონის სამეფო ამგვარ მოდელში. ნაშრომის დასასრულს კი შემოგთავაზებთ აღნიშნული თეორიის მიხედვით საქართველოს ამ კონკრეტული პერიოდის ახსნას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტრაპიზონის იმპერიის შექმნაზე. ამ ყოველივეს განხილვა კი ემსახურება იმის დამტკიცებას, რომ თამარ მეფემ ტრაპიზონის სამეფო შექმნა როგორც ბუფერი, რათა უფრო მეტად შეემცირებინა პოტენციური მეტოქის შემოსევების სიმწვავე და პირიქით, თვითონ უფრო ეფექტური თავდასხმები ეწარმოებინა, რაც ემთხვევა თავდასხმითი რეალიზმის ლოგიკას.

ისტორიული კონტექსტი
თამარ მეფის ეპოქას და მის ძირითად სტრატეგიებს მიმოვიხილავ შემდეგი ისტორიული ნაშრომებსა და ნარკვევებზე დაყრდნობით: ლოვარდ ტუხაშვილი ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”, ივანე ჯავახიშვილის ,,თხზულებანი”, ტომი II, ზ. ავალიშვილი ,,ჯვაროსანთა დროიდან”, საქართველოს ისტორია”,I ნაწილი, რედაქტორი ნოდარ შიშიშვილი, ,,ქართული დიპლომატიის ისტორია” რედაქტორი როინ მეტრეველი.
აქტიური და ეფექტური საგარეო პოლიტიკა და ომების ციკლები თამარ მეფის მიერ 1190 წლიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ,,ქართლის ცხოვრება თავდასხმებს ქართველების მხრიდან თავდაცით სტრატეგიად განიხილავს, თუმცა ლ. ტუხაშვილი თავის წიგნში აცხადებს, რომ ეს პროცესი ქართული ინიციატივით მიმდინარეობდა.[1] თუმცა უნდა ითქვას, რომ ,,სათნოების პოლიტიკა” [2] ზოგ რეგიონს, განსაკუთრებით კი ერთმორწმუნე ხალხებს, შეეხო.[3] როგორც ტუხაშვილი აღნიშნავს, ძირითადი პრინციპი ასეთი იყო: ,,ზურგით მეგობარი კავკასიისკენ, დარტყმებით სამხრეთზე, ჩრდილო კავკასიელებთან ერთად”.[4]

მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა თამარისთვის ჩრილო კავკასიელები, ამიტომაც გაიხადა მოკავშირეებად და ვასალებად ქაშაგები, ოსები, დურძუკები, ხუნძები, ლეკები და დარუბანდელნი.[5]
იმდროინდელი საქართველოს სამხრეთული პოლიტიკა კი შეიძლება სამ მიმართულებად დავყოთ :[6]
1. სომხეთისათვის ბრძოლა. ქართველებმა XII საუკუნის დასაწყისში ადვილად შეძლეს ყოფილი ბაგრატუნთა სომხეთის უშუალო შემოერთება. XIII საუკუნის დასაწყისიდან კი იწყება სამხრეთ სომხეთისთვის ბრძოლა, რის გამოც შეეჯახა ხლათის სასულთნოს ანუ შაჰ-არმენების სამფლობელოს.[7] ეს უკანასკნელი ხელს უშლიდა საქართველოს კილიკიის სომხეთისკენ ვაჭრობაში. ხლათს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან საქართველოს სამეფო კარი მიზნად ისახავდა მთავარ სავაჭრო-საქარავნო მაგისტრალზე გაბატონებას, ირანიდან ლევანტისაკენ მიმავალი სავაჭრო გზის დაპყრობას.[8] სომხეთთან მიმართებაში აღსანიშნავი იყო ანისისა და დვინის (1199 და 1203) შემოერთება.
2. შირვან-აზერბაიჯანი. ამ მხარეში საქართველო უპირისპირდება სელჩუკებს, რომლებმაც ქართველთა გაძლიერების გამო დახმარებისთვის მიმართეს ბაღდადის ხალიფა – ალ-ნასირს. მათ კოალიციაში შევიდა ასევე Aაზერბაიჯანის (ადარბადაგანის) ათაბაგი აბუ-ბექრი. შირვანზე მათი თავდასხმის შემდეგ მისი მმართველი დახმარებისთვის მიმართავს საქართველოს. ამის შედეგად იქმნება მეორე კოალიცია, რომელშიც მათ გარდა შედიან ჩრდილოეთ კავკასიელები, ყივჩაღები, განჯის მოსახლეობის უმეტესობა (ისინი სელჩუკთა სულთნის ჩამომავალს ამირ-მირას უჭერდნენ მხარს [9]). ქართული დიპლომატიის წარმატება იყო ისლამური ქვეყნების გათიშულობა და მათი ნაკლები ჩართვა ამ დაპირისპირებაში. ომი ორ მხარეს შორის გაიმართა 1195 წელს შამქორზე. მართლია განძა გამარჯვების შემდეგ ქართველებმა თავისი გავლენი ქვეშ მოაქციეს, მაგრამ მომავალში მაინც შეზღუდული იყო მათი უპირატესობა.
3. სამხრეთ-დასავლეთი – ორი მიმართულება: 1. ყარსი ანუ კარი 2. ზღვისპირეთი. კარი წარმოადგენდა მცირე აზიის კარიბჭეს. იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარეობდა. აზერბაიჯანსა და სომხეთში გავლენის გამყარების შემდეგ ქართული სამეფო მიზნად ისახავს რამდენიმე საკითხის გადაჭრას: კარისა და ვანანდის ქვეყნის აღება, არზრუმისა და ერზინკის დაკავება და შავიზღვისპირეთის პონტოს სანაპიროზე გავლენის გავრცელებას. დრო კარგად იყო შერჩეული: აღმოსავლეთ თურქთა სასულთნო განადგურებული იყო, ბიზანტია დასუსტებული იყო. აქ ყველაზე დიდ მეტოქედ გამოჩნდა მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო – რუმის სასულთნო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა რუქნ ად-დინის დროს. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1204 წელს.[10] ქართველებმა ამ ბრძოლაში გამარჟვებით რუმის სასულთნოსგან მიიღეს კარის, არზრუმის, ეზინკის ქვეყნები. ასევე მისცეს უფლება თავისუფლად ემოქმედათ ბიზანტიის ანატოლიურ პროვინციებში.
ასე რომ, ქართულმა სამეფომ შამქორსა და ბასიანში გამარჯვება მოიპოვა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თუქ მფლობელთა კოალიციურ ძალებზე. ამან დიდი ავტორიტეტი მოახვეჭინა როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. თურქებისგან შევიწროებული ჯვაროსნებიც კი ქართველებზე ამყარებდნენ გარკვეულწილად იმედებს.[11]
აღსანიშნავი იყო საქართველოს მიერ ტრაპიზონის სამეფოს შექმნა. ამ შემთხვევაშიც გამოყენებული იქნა არსებული ვითარება: 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღება, რის გამოც ქართველებს ხელსაყრელი დრო ჰქონდათ შავ ზღვაზე პოზიციების გასამყარებლად, ამავე დროს რუმის სასულთნოც შეეცდებოდა ბიზანტიის დასუსტებით სარგებლობას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით საჭირო გახდა სასწრაფო მოქმედება. თანაც უკვე 1202 წლისთვის შეინიშნებოდა ქართველების გააქტიურება შავიზღვისპირეთში, რაც გამოიხატებოდა რამდენიმე ლაშქრობით. ზოგი მკვლევარი სწორედ ქართველების ასეთ ქმედებებს მოჰყვა რუქნ ად-დინის 1204 წლის შემოსვლა ბასიანში.[12] საბაბად გამოიყენა ალექსი III ანგარის მიერ ქართველი ბერების გაძარცვის შემთხვევა. თამარ მეფემ გაგზავნა ლაშქარი და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერიას. ტრაპიზონის დაკავებასთან ერთად აიღეს ლაზია, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნტი, კოტიორა, ამასტრია, ერაკლია და ,,ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი”.[13] მათი გაერთაინებით იქმნება ტრაპიზონი, ბუფერული სახელმწიფო. მმართველად გაიგზავნა საქართველოში მყოფი ალექსი კომნენოსი, რომელიც სამეფო ოჯახის ნათესავად ითვლებოდა.
ტრაპიზონის დაარსებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ცხოვრებაში. მის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის თურქთა სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად.
უნდა აღინიშნოს, რომ ბასიანში დანარცხების შემდეგ იკონია ანუ რუმის სასულთნო მცირე ხნით, დაახლოებით 1208 წლამდე გაეცალა ასპარეზს. ამის შედეგად პირისპირ რჩებოდნენ დასუსტებული ბიზანტია და ქართული სამეფო. ამას ერთვის შემდეგ IV ჯვაროსნული ლაშქრობა. დასუსტებული ბიზანტიის ადგილას იქმნება ლათინთა იმპერია და ნიკეის საკეისრო. საქართველომ ვერ მოახერხა ლათინთა იმპერიასთან კავშირების დამყარება, რადგან თვითონ ის პალესტინასთან კავშირების შექმნით იყო დაკავებული. ასე რომ, ქართული სამეფო თავის თავზე იღებს აქტიურ მოქმედებას, რისი შედეგიც გახდა მის მიერ დალაშქრული ტერიტორიების გაერთაინებით მასზე დამოკიდებული, ფორმალურად კი დამოუკიდებული სამეფოს შექმნა.
სამხრეთ-დასავლეთ საზღვრი შედარებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ აწარმოებს ომებს. სწორედ ამ დროს დაიწყეს შეტევები ხლათზე, გარდა ამისა, წინა გამარჯვებების ასამაღლაბლად და ავტორიტეტის გასამყარებლად 1210 წელს ეწყობა უმნიშვნელოვანესი ლაშქრობა ირანში. თამარის ისტორიკოსის ცნობით, მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის რომ, ,,ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმხნე ჩუენი”.[14]

თავდასხმითი რეალიზმი
საერთაშორისო ურთიერთობებში რეალიზმი სხვა თეორიებს შორის გამოიყოფა თავისი სიცოცხლისუნარაინობითა და შეკრულობით. ამ თეორიამ მრავალ წინააღმდეგობას გაუძლო და დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლაში. როგორც ვიცით, ნეორეალიზმში გამოიყოფა ორი მიმდინარება: თავდასხმითი და დავდაცვითი რეალიზმი. ისინი ძირითადად იზიარებენ ნეორეალიზმისთვის დამახასიათებელ პოსტულატებს, მაგრამ განსხვავებული მოსაზრება აქვთ ძალასა და ძალაუფლების შესახებ. ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა რაოდენობის ძალაუფლებაზე კმაყოფილდებიან სახელმწიფოები. თავდასხმითი რეალიზმი შეიცავს მტკიცებას, რომ ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოების ერთადერთი მიზანი ძალაუფლების მაქსიმალიზაციია. ის უარყოფს სტატუს ქუო-ს მომხრე ქვეყნების არსებობის შესაძლებლობებს, როგორც ამას მეორე მიმდინარეობაში ვხვდებით.
თავდასხმითი რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია ჯონ მირშაიმერი. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია ,,საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორი დაპირებები”, სადაც ამტკიცებს, რომ ინსტიტუტებს მინიმალური გავლენა აქვთ სახელმწიფოთა ქცევაზე[15] და ,,ძლიერი სახელმწიფოების პოლიტიკის ტრაგედია”. პირველ ნაშრომში იგი გვთავაზობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სახელმწიფოთა ქცევებისადმი ნეორიალისტური მიდგომის 5 მოსაზრებას.
1. პირველ რიგში იგი ხაზს უსვამს საერთაშორისო სისტემის ანარქიულობას, რაშიც იგულისხმება მსოფლიო მოწყობის პრინციპი და არა ქაოსი. არ არსებობს უმაღლესი მთავრობა, რომელიც დაიცავს და უზრუნველყოფს ქვეყნების არსებობას. პირიქით, სისტემაში ვხვდებით დამოუკიდებელ, სუვერენულ პოლიტიკურ ერთეულებს – სახელმწიფოებს.[16]
2. სახემწიფოებს გააჩნიათ აგრესიული სამხედრო შესაძლებლობა, რაც მათ მიერ შეიარაღების ფლობას გულისხმობს. ეს საშუალებას აძლევთ გაანადგურონ ან ზიანი მიაყენონ ერთმანეთს. ავტორის მტკიცებით, რომც არ ჰქონდეთ იარაღი ერთმანეთის წინააღმდეგ ამ ქვეყნების მოსახლეობა ხელ-ფეხსაც კი გამოიყენებდა.[17]
3. სახელმწიფოები დარწმუნებულნი არ არიან სხვების განზრახვებში, ამიტომაც არავინაა გარანტირებული რომ მის წინააღმდეგ აგრესიულ იარაღს არ გამოიყენებენ. შეუძლებელია განზრახვების 100% სიზუსტით განსაზღვრა, რასაც იწვევს ქვეყნების გაურკვევლობაში არსებობა. ისინი მაშინაც კი ვერ ენდობიან ერთმანეთს, როცა მის მეზობელს საეთოდ არ აქვს ბოროტი განზრახვა.[18]
4. სახელმწიფოების ძირითადი მოტივია გადარჩენა, რაც გამოიხატება სუვერენიტეტის შენარჩუნებაში.[19]
5. ბოლო მოსაზრებით, სახელმწიფოები სტრატეგიულად ფიქრობენ იმაზე როგორ გადარჩნენ ანარქიულ სისტემაში. ავტორი ხაზს უსვამს მათ რაციონალურობას, თუმცა მათი გათვლები შეზღუდულია იმ ფაქტით, რომ ცხოვრობენ არასრული ინფორმაციის სამყაროში. თანაც ყველა ქვეყანას აქვს სურვილი არასწორად წარმოაჩინოს თავისი ძლიერება, სისუსტეები და მიზნები,[20] რაც უფრო მეტად ართულებს ქვეყნების მიერ სწორი აღქმის შესაძლებლობას.
ამ გარემოებების გათვალისწინებით სახელმწიფოებს რჩებათ მოქმედების სამი გზა: პირველი, მათ ერთმანეთის ეშინიათ, ეჭვის თავლით უყურებენ ყველას და მუდმივად საფრთხის მოლოდინში არიან. მირშაიმერს შიშის გამომწვევად მსოფლიო მთავრობის არარსებობა მიაჩნია, რომელიც დაიცავდა მათ აგრესორისგან.[21] ასევე, არ აქვთ სხვისი იმედი და მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. როგორც კენეტ უოლცი ამბობდა, მხოლოდ ,,თვითდახმარების” რეჟიმში ცხოვრობენ. აუცილებლად უნდა იყვნენ ეგოისტები. უსაფრთხოებისთვის კი შეიძლება კოალიციების შექმნა, მაგრამ ისინი მუდმივი არაა და ხშირად იცვლება მათი შემადგენლობა. და ბოლოს, ყველა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი ფარდობითი ძალაუფლების გაზრდაა პოტენციულ მტერთან შედარებით. იდეალურ შედეგად კი ითვლება თუ მოახერხებს ჰეგემონად გახდომას, სწორედ მაშინ გარანტირებული ექნება უსაფრთხოება. მირშაიმერი ასევე ამბობს, რომ სახელმწიფოები მუდმივად ფიქრობენ დაპყრობაზე და აგრესორების დაბალანსებაზე.[22] ყოველივე ეს იწვევს სისტემის შიგნით მუდმივ კონკურენციას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მეორე ნაშრომშიც ეხება ამ საკითხებს: შიშის ფაქტორს, რომელსაც საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელად მიიჩნევს. გარდა ამისა, საუბრობს ჰეგემონობაზე და მიიჩნევს, რომ ძნელია მთელ მსოფლიოში ჰეგემონობის შენარჩუნება, ამიტომაც უფრო რეალურად მიიჩნევს რეგიონული ძლიერი ძალების არსებობას.[23] აღნიშნული ძალები მუდმივად ცდილობენ თავიანთი გავლენის სფეროების გაზრდას, რაც გამოწვეულია რწმენით, რომ რაც უფრო მეტი იქნება მათი შედარებითი უპირატესობა სხვებთან მიმართებაში, მით მეტი გარანტიები ექნებათ უსაფრთხოებისთვის. მირშაიმერი განსაკუთრებულ ყურადღებას აიჭებს სამხედრო და სახმელეთო ძალას ასეთი სახელმწიფოების ძალის კომპონენტების განხილვისას.
მირშაიმერი გვთავაზობს სტრატეგიების ჩამონათვალს, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა რეგიონულმა ჰეგემონმა შეინარჩუნოს და გაზარდოს თავისი უპირატესობა: შანტაჟი, ძალთა ბალანსი, დაშინება, მიტმასნება და ა.შ. მათგან ყველაზე ეფექტურად ძალთა ბალანსს მიიჩნევს, რადგან სწორედ მისი დახმარებით ახერხებს უსაფრთხოების დაიცვას და საკუთარი პოტენციალის კიდევ უფრო აამაღლებას სხვა პოტენციურ ჰეგემონებთან შედარებით. ასევე, ამ სტრატეგიით იგერიებს მათგან მომდინარე საფრთხეს.[24]

საქართველო როგორც რეგიონული ჰეგემონი
ისტორიული ფაქტის თეორიასთან მისადაგების დაწყებამდე აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ XII საუკენესა და XIII საუკუნის დასაწყისში ქართული სამეფო მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა რეგიონში. ამის საჩვენებლად გამოდგება ყველა იმ ქმედების გახსენება, რაც მეტყველებდა ქართული სამეფოს ძლიერ ძალად ყოფნაზე რეგიონში.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ტერიტორიული გაფართოება, რადგან როგორც უკვე განვიხილეთ, მირშაიმერი სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთ კომპონენტად სწორედ ტერიტორიულ მახასიათებელს მიიჩნევს. ამის ჩვენება საკმაოდ ადვილია. ყველა ისტორიული წყარო ადასტურებს, რომ საქართველოსთან დამოკიდებულების სხვადასხვა ფორმით იყო დაკავშირებული აღმოსავლეთ ამიერკავკასია, ირანის Aაზერბაიჯანი, მთელი სომხეთი, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო. კონკრეტულად კი აღმოსავლეთ საზღვარი გადიოდა მდ. ჩალან-უსუნზე. ჩალან უსუნის აღმოსავლეთით საქართველოს სავალალო შირვანი აიყოფებოდა. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარი გურჯი-ბოღაზზე გადიოდა. სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს საზღვარი სპერამდე და ჭანეთამდე აღწევდა და სახელმწიფო საზღვარი მდინარე ფორჩხის-წყალზე გადიოდა. დასავლეთი საზღვარი შავ ზღვას მიჰყვებოდა და უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი პუნქტი ნიკოფსია იყო. ჩრდილო საზღვარი შემახის მთამდე კავკასიონის მთავარ ქედს მიჰყვებოდა. ამ ქედის ჩრდილოეთით იმყოფებოდნენ საქართველოს ვასალი ხალხები. ქართეული სამეფოს შემადგენლობაში იყო დვალეთი, ხევი, ფხოვი, თუშეთი. უკიდურესი ჩრდილოეთი პუნქტი იყო მდ. თერგზე.[25]
ქართული ჯარი ძლიერებაზე მეტყველებს ის დიდი გამარჯვებები, რომლების მათ თამარის მეფობის დროს მოიპოვეს. მათი მაღალი განვითარების, ორგანიზებულობისა და დისციპლინის მაჩვენებელი იყო ასევე ირანში ლაშქრობა.
საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს მეზობლები სთხოვდნენ დახმარებას. ეს მეტყველებდა მის ავტორიტეტზე მთელს რეგიონში. ამისი მაგალითია შარვან შაჰისა და ამირ-მირანის მიმართვა თამარისადმი. მათ საქართველოს სამეფო კარს თავი ,,შეავედრეს” და აბუ- ბექრის წინააღმდეგ ერთობლივი გალაშქრება სთხოვეს.
1210-1211 წლებში ირანში ლაშქრობამ და სხვა ომებმაც საქართველოს ავტორიტეტი გაზარდა. აშკარა გახდა მისი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მისწრაფებები მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკური დაქსაქსულობის პირობებში. ბიზანტიას თავისი პრობლმები ჰქონდა. ახლო და შუა აღმოსავლეთის სასულთნოების დასუსტებულნი იყვნენ.
საქართველოს გავლენის სფეროში დაახლოებით 14-15 პოლიტიკური ერთეული იყო. იგი მათ სიუზერენად განიხილებოდა, აღებული ჰქონდა რა დამამშვიდებლის, მთავარი მომრიგებლის, დამცველის ფუნქციები.[26] ეს კი მეტყველებს საქართველოს უდაო უპირატესობაზე სხვა პოტენციურ რეგიონულ ჰეგემონებთან შედარებით.

ტრაპიზონის სამეფო როგორც ბუფერი
საქართველოს ჰეგემონობის ჩვენებასთან ერთად აუცილებელია იმის განსაზღვრა თუ რას გულისხმობს ბუფერი და რამდენად ჯდება შექმნილი ტრაპიზონის სამეფო ასეთი სახელმწიფოს მოდელში.
სიტყვა ,,ბუფერი” პოლიტიკური ერთეულის მიმართ გამოიყენეს 1867 წელს, ხოლო ტერმინი ,,ბუფერული სახლემწიფო”- 1883 წელს. ორივე შემთხვევა დაკავშირებული იყო ავღანეთთან, რომელიც იმჟამად რუსეთისა და ბრიტანეთის იმპერიათა ინტერესთა სფეროს გამმიჯვნელ ტერიტორიას წარმოადგენდა.[27]
ბუფერული სახელმწიფოს მრავალი ახსნა არსებობს, რომელთა უმრავლესობა მას განმარტავს, როგორც პატარა ქვეყანას, განთავსებულს ორ ან მეტ ძლიერ სახელმწიფოს შორის. გარდა ამისა, ხაზი ესმევა მის დამოუკიდებლობას. მართალია მისი საგარეო პოლიტიკა მკაცრად შეზღუდულია, მაგრამ დაუშვებელია მისი სატელიტად გადაქცევა. თომას როსი ასეთი სახელმწიფოს ერთ-ერთ მახასიათებლად მიიჩნევს მის ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მდებარებას: საკვანძო საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების გადაკვეთაზე.[28] იგი ასევე სუსტია და თავისუფლად არ შეუძლია თავის დაცვა.
ალექსანდრე რონდელი ბუფერული სახელმწიფოს ,,თანდაყოლილ”, გენეტიკურ თავისებურებად განიხილავს იმას, რომ იგი მეზობლების დაპირისპირებული ინტერესების სფეროა. მისი მიმზიდველობა კი შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.[29]
ტრაპიზონის მაგალითზე რომ განვიხილოთ, პირველ რიგში იგი რა თქმა უნდა აკომაყოფილებს პატარა სახელმწიფოდ ყოფნის მოთხოვნას. მართლაც, ეს იყო სუსტი პოლიტიკური ერთეული. როგორც უკვე ზემოთ იქნა განხილული მიმდინარე მოვლენების გამო ბიზანტია ძალიან დასუსტებული იყო. ჯვაროსნების ლაშქრობამ კი დაღი დაასვა. საქართველოს მიერ აქ სამეფოს შექმნა პოლიტიკურ მოვლენად განიხილება ზოგიერთი მეცნიერის მიერ. ისინი ამტკიცებენ, რომ ამით კვლავ გაგრძელდებოდა ბიზანტიის აღდგენის იდეა.[30] მაგრამ სავარაუდოდ, ქართული სამეფო უფრო მეტად ზრუნავდა მცირე აზიაში არსებული მეტოქის გავლენის შემცირებას. მისგან თავდასხმის ასაცილებლად კი თამარ მეფემ ბუფერის შექმნა გადაწყვიტა.
მართალია მმართველად სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი დაინიშნა, მაგრამ იგი მაინც სარგებლობდა გარკვეული დამოუკიდებლობით. საქართველო მნიშვნელოვან გავლენას ფლობდა შიდა პოლიტიკაში, თუმცა ეს მაინც არ ზღუდავდა მის შიდა ძალაუფლებას.
თუ დავაკვირდებით ტრაპიზონის მდებარეობას აშკარა გახდება მისი სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობის სისწორე. იგი მდებარეობს შავი ზღვის გასწვრის, რაც განაპირობებდა მის სავაჭრო და ეკონომკურ მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყნებისთვის. თანაც საქართველოსთვის მის ბუფერად ან ნეიტრალურ ზონად ქცევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თუ რუმის სასულთნო მის ხელში ჩავარდებოდა, იგი პირდაპირ გაუმეზობლდებოდა ქართულ სამეფოს.
გარდა ამისა, ლოვარდ ტუხაშვილი თავის წიგნში აღნიშნავს, საერთო აღმავლობის მიუხედავად რომ საქართველოს არ ჰყავდა საკმარისი ეთნიკური რეზერვები, რომ ერთდროულად ჩაეყლაპა სომხეთიც, შირვან-აზერბაიჯანიც, გაჭრილიყო პონტოს კილიკიის სომხეთისკენ და ბიზანტიის ადგილიც დაეკავებინა. ამიტომაც ირჩევს ამ ტერიტორიის ბუფერად გადაქცევას. ამას ემატებოდა ის, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ქართველური, კერძოდ კი ლაზურ-ჭანური, მოდგმის ტომები წარმოადგენდნენ. ეს ერთგვარად ქართველებისთვის მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა და უზრუნველყოფდა მათდამი ამ სამეფოს მუდმივ კეთილგანწყობას, იმ პირობებში, როცა იგი ბუფერი და ორი ძლიერი ძალის შემაფერხებელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო.

ტრაპიზონის სამეფოს შექმნა და თავდასხმითი რეალიზმი

თეორიისა და ისტორიული ჩარჩოს განხილვის შემდეგ მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიძლება აიხსნას აღნიშნული ფაქტი თავდასმითი რეალიზმის კონტექსტში.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღწერილი თამარის მეფობის პერიოდი ჯდება სწორედ ამ თეორიის მიერ ჩამოთვლილ პოსტულატებში. მართლაც, საქართველო აღმოჩნდა ხელსაყრელ ვითარებაში და კარგადაც გამოიყენა მის ხელთ არსებული შესაძლებლობები. კარგად აფასებდა რა თავის შესაძლებლობებს, მაქსიმალურად გააფართოვა ტერიტორიები. ამისავის კი ძირითადად გამოიყენა ძალთა ბალანსის პრინციპი. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მტრების მიერ შექმნილ კოალიოციებს უპირისპირებდა თავისი მოკავშირეებით დაკომპლექტებულ ჯარს. ეს განსაკუთრებით ნათელი ხდება შამქორის ომის დროს.
თამარ მეფე დაპყრობილი ტერიტორიებიდან მხოლოდ რელიგიურად მსგავს ქვეყნებს იერთებდა. ეს შეიძლება სწორედ ზემოთ ნახსენები ძალთა წონასწორობის პოლიტიკიდან გამომდინარეობდა. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ თავისუფლებას (ოღონდ ეს არ გულისხმობს გავლენის შემცირებას მათ ქმედებაზე) მიანიჭებდა და რაც უფრო კონსტრუქციულ ლიდერად გამოჩნდებოდა მეფე, მაჰმადიანი პოლიტიკური ერთეულები უფრო ნაკლებად ითანამშრომლებდნენ მის პოტენციურ მეტოქეებთან. მართლაც, იგი ხშირ შემთხვევაში აძლიერებდა კიდეც მის მეზობლებს. ,,არათუ მოშალა მეზობელი სამფლობელოები და შეუერთა ,,სახლი სახლსა ზედა”, არამედ პირიქით, ,,რაოდენი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მიმძლავრებულთა უკან სცა სამეფო თვისი.” [31]
ჰეგემონობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ყველა მისი ქმედება გარკვეულწილად ამ მიმართულებით მიდიოდა. თავიდან ამარცხებს სელჩუკებს, მას მოჰყვება აბუ-ბექრი, შემდეგ რუმის სასულთნოს და ბოლოს გამოირიცხა ასევე ბიზანტიის გავლენის აღდგენა რეგიონში. ასე რომ, მუდმივი თავდასხმებისა და ლაშქრობების ფონზე იგი ხდება უპირობო ლიდერი კავკასიაში.
ტრაპიზონს უმიშვნელოვანესი ადგილი ეკავა ამ სტრატეგიაში. შეიძლება ვიფიქროთ რომ ბუფერი თავისი დანიშნულებით თავდაცვით სტრატეგიის ნაწილია და არ შეიძლება განიხილებოდეს ზემოთ განხილული ქმედებების ლოგიკურ გაგრძელებად. მაგრამ ეს მართლაც სწორი იქნებოდა, საქართველოს ომები რომ შეეწყვიტა 1204 წლის შემდეგ. მაგრამ მოხდა პირიქით, იგი უფრო აქტიური ხდება აღმოსავლეთში. ის ფაქტი კი რომ ტრაპიზონის ბუფერად შექმნას დასჯერდა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით: 1. იქ მცხოვრები ქართველური ტომები 2. მისთვის ხელსაყრელი მმართველის დანიშვნა 3. რესურსები, რომლების მის სატელიტად გახდომას დაჭირდებოდა მიმართა სხვა, განსაკუთრებით კი მაჰმადიანი სახელმწიფოების წინააღმდეგ საომრად.
ასე რომ, ტრაპიზონის იმპერია გამოყენებულ იქნა როგორც თავდაცვითი ზღუდე, რათა უფრო ეფექტური თავდასხმები განეხორციელებინა. მისი შექმნით უფრო დაზღვეული შეიქმნა და არ ემუქრებოდა საფრთხე რომელიმე მოქიშპე ქვეყნისგან.

დასკვნა

საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდიდან კარგად გამოჩნდა, რომ სახლმწიფოების მთავარ სურვილს ძალაუფლების გაზრდა წარმოადგენს. მსოფლიოში წესრიგის დამცველი უმაღლესი მთავრობის არარსებობის პირობებში ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი, მუდმივად ელოდებიან სხვებისგან თავდასხმას. ძალაუფლების გასაფართოვებლად კი იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს. საქართველოს მაგალითზე განსაკუთრებით დომინანტური სტრატეგია იყო ძალთა ბალანსი და მოკავშირეების გამოყენებით, პოტენციური მოწინააღმდეგის გაბატონების აცილება. ასევე ნათელი გახდა, რომ როგორც კი მიეცემათ ქვეყნებს საშუალება გააფართოვონ ძალა აუცილებლად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას.
ტრაპიზონის სამეფო კი ჩააყენეს თავდასხმითი სტრატეგიის სამსახურში. ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა ტერიტორიამ საშუალება მისცა ქართველებს უსაფრთხოდ ეწარმოებინად ომები აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით.

Footnotes:
1. ლოვარდ ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან” დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, იბერია, თბილისი 1994, გვ.164
2. ასე ეწოდებოდა თამარის საგარეო პოლიტიკის ახალ დოქტრინას
3. ივანე ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია”, II, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ, 369
4. ლოვარდ ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, იბერია, თბილისი 1994, გვ, 165
5. საქართველოს ისტორია, I ნაწილი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2006, გვ. 430
6. ლოვარდ ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, იბერია, თბილისი 1994, გვ, 165
7. ივანე ჯავახიშვილი, ,,თხზულებანი” ტომი III, გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი 1983, გვ. 272
8. საქართველოს ისტორიის ნარკვევბი, ტომი III, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979, გვ, 335
9. ლოვარდ ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, იბერია, თბილისი 1994, გვ, 166
10. ისტორიკისები ვერ თანხმდებიან ერთ თარიღზე, არსებობს კიდევ ორი ვერსია: 1203 და 1205. მთავარი განსხვავება არის იმაში: ბასიანის ბრძოლა უფრო ადრე მოხდა თუ ტრაპიზონის იმპერიის შექმნა. მე გამოვიყენებ 1204 წელს, რადგან თანამედროვე ისტორიკოსები მიჩნევენ რომ ბასიანის ბრძოლა წინ უსწრებს ტრაპიზონის სამეფოს შექმნას.
11. საქართველოს ისტორია, I ნაწილი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2006, გვ. 427
12. ლოვარდ ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, იბერია, თბილისი 1994, გვ, 180
13. ქართული დიპლომატიის ისტორია, თბილისის უნივერისტეტის გამომცემლობა, თბილისი 2003, გვ, 225
14. ისტრიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, გვ, 103. ციტირებულია ნაშრომში:
საქართველოს ისტორიის ნარკვევბი, ტომი III, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979, გვ. 337
15. Mearsheimer, John. “The False Promise of International Institutions”. International Security, Vol. 19, No. 3. Winter, 1994, p. 7
http://huji.uniclass.co.il/ir06/uploader.php?file=09%20The%20False%20Promise%20Of%20International%20Institutions.pdf&id=6
16. იქვე, …. p. 10
17. იქვე, …. p. 10
18. იქვე, …. p. 10
19. იქვე, …. p.10
20. იქვე, …. p 10
21. იქვე, …. p. 11
22. იქვე, …. p. 12
23. Book Review, John J. Mearsheimer, The Tragedy of Great Power Politics, Futurecasts online magazine, Vol. 4, No. 5, 5/1/02
http://www.futurecasts.com/book%20review%204-05.htm
24. Book Review, John J. Mearsheimer, The Tragedy of Great Power Politics, Council on Foreign Relations, September 2003
http://www.cfr.org/publication/6659/review_of_the_tragedy_of_great_power_politics.html
25. საქართველოს ისტორია, I ნაწილი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2006, გვ. 431
26. ლოვარდ ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, იბერია, თბილისი 1994, გვ, 161
27. Thomas Ross, “Buffer States: A Georgapher’s Perspecticve,”in Buffer States in World Politics, ed. John Chay and Thomas Ross (Boulder:Westview Press, 1986), p. 16 ციტირებული ნაშრომში:თორნიკე თურმანიძე, ,,ბუფერული სახელმწიფოები”, ბთკკ-ს საერთაშორისო პოლიტიკის კვლევების სერია, 2006, გვ, 21
28. Thomas Ross, “Buffer States: A Georgapher’s Perspecticve,”in Buffer States in World Politics, ed. John Chay and Thomas Ross (Boulder:Westview Press, 1986), p. 46 ციტირებული ნაშრომში:თორნიკე თურმანიძე, ,,ბუფერული სახელმწიფოები”, ბთკკ-ს საერთაშორისო პოლიტიკის კვლევების სერია, 2006, გვ. 24
29. ალ. რონდელი, ,,პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში” საქართველოს სტრატეგიისა და ურთიერთობათა კვლევის ფონდი, ,,მეცნიერება”, თბილისი 2003, გვ. 161
30. ლოვარდ ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, იბერია, თბილისი 1994, 181
31. ბასილ ეზოსმოძღვარი ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”, ქართლის ცხოვრება, II, გვ, 148 ციტირებული ნაშრომში: საქართველოს ისტორიის ნარკვევბი, ტომი III, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979, გვ, 335

ბიბლიოგრაფია:

1. ლოვარდ ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, იბერია, თბილისი 1994
2. საქართველოს ისტორიის ნარკვევბი, ტომი III, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979
3. ივანე ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია”, II, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
4. ივანე ჯავახიშვილი, ,,თხზულებანი” ტომი III, გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი 1983
5. საქართველოს ისტორია, I ნაწილი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2006
6. ქართული დიპლომატიის ისტორია, თბილისის უნივერისტეტის გამომცემლობა, თბილისი 2003
7. ალ. რონდელი, ,,პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში” საქართველოს სტრატეგიისა და ურთიერთობათა კვლევის ფონდი, ,,მეცნიერება”, თბილისი 2003
8. თორნიკე თურმანიძე, ,,ბუფერული სახელმწიფოები,” ბთკკ-ს საერთაშორისო პოლიტიკის კვლევების სერია, 2006
9. ზ. ავალიშვილი, ,,ჯვაროსანთა დროიდან”, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1989
10 ეკა აკობია, ,,საერთაშორისო ურთიერთობების თეორია”, სოციალურ მეცნიერებათა სერია, თბილისი 2006
11. Mearsheimer, John. “The False Promise of International Institutions”. International Security, Vol. 19, No. 3. Winter, 1994.
http://huji.uniclass.co.il/ir06/uploader.php?file=09%20The%20False%20Promise%20Of%20 International%20Institutions.pdf&id=6
12. Book Review, John J. Mearsheimer, The Tragedy of Great Power Politics, Futurecasts online magazine, Vol. 4, No. 5, 5/1/02
http://www.futurecasts.com/book%20review%204-05.htm
13. Book Review, John J. Mearsheimer, The Tragedy of Great Power Politics, Council on Foreign Relations, September 2003
http://www.cfr.org/publication/6659/review_of_the_tragedy_of_great_power_politics.html

Advertisements

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. Dato said, on თებერვალი 20, 2010 at 7:59 AM

    კარგი, გონივრული ნაშრომია.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: