IR

აზერბაიჯანი როგორც პეტრო-სახელმწიფო

Posted in Articles by teonaturashvili on თებერვალი 21, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

დაწერის თარიღი: 2010 წლის იანვარი

შესავალი
მსოფლიო პოლიტიკაში ენერგორესურსების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად გაიზარდა ამ რესურსების მფლობელი ქვეყნების მნიშვნელობაც. ასეთი ტიპის ქვეყანას წარმოადგენს აზერბაიჯანიც, რომელიც თავისი რესურსების საშუალებით საკამოდ მიმზიდველი ქვეყანა გახდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ როგორც მეზობლების, ასევე დასავლეთისთვისაც. ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი აფერხებს, რომელთა შორისაც გამოვყოფდი ენერგორესურსებს. მათი ექსპორტიდან შემოსული თანხების განაწილება დიდად ახდენს გავლენას ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესზე. ჩემი ნაშრომის საკვლევი კითხვა სწორედ დემოკრატიასა და ენერგორესურსების ფასებს შორის დამიკიდებულების დადგენაა. ეს კითხვა კი შემდეგია: აფერხებს თუ არა დემოკრატიზაციის პროცესს ენერგორესურსების მაღალი ფასი პეტრო-სახელმწიფოში?
ქვემოთ პირველ რიგში განვიხილავ თუ როგორი ქვეყანა მოიაზრება პეტრო-სახელმწიფოში და ნაჩვენები იქნება მისი ძირითადი მახასიათებლები. ასევე სანამ აზერბაიჯანში დემოკრატიზაციისა და ნავთობის მაღალ ფასებს შორის ურთიერთდამოკიდებულების განხილვაზე გადავიდოდე, ემპირიული და სხვადასხვა მონაცემებით ვაჩვენებ, რომ აზერბაიჯანიც შედის ამ ტიპის ქვეყნებს შორის. შემდეგ მოცემული იქნება თუ რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ პეტრო-სახელმწიფოში იზღუდება დემოკრატია. ამ საკითხების განხილვის შემდეგ შევეცდები ვაჩვენო, რომ რაც უფრო იზრდება ენერგორესურსების ფასები, დემოკრატიის განვითარების შანსებიც უფრო მცირდება.

პეტრო-სახელმწიფო და მისი მახასიათებლები
პეტრო-სახელმწიფო მისთვის დამახასიათეხელი სპეციფიკური ნიშნებით გამოირჩევა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს მისი დამოკიდებულება ბუნებრივი რესურსების – ძირითადად ნავთობი და გაზი – ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-სა და მთლიანი ექსპორტის მინიმუმ 40%-ს შეადგენს.[1] ამას ე.წ ,,ჰოლანდიურ დაავადებას” უწოდებენ, რაც დაკავშირებულია ჩრდილოეთის ზღვაში გაზის რესურსების აღმოჩენასთან, რასაც ქვეყანაში ინფლაცია და უმუშევრობის გაზრდა მოჰყვა. ეს ტერმინი გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის დეინდუსტრალიზაციას, როცა იზრდება ეროვნული ვალუტის ფასი, რაც გამოწვეულია ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდით.[2]
ქვეყანაში წამყვანი დარგი ხდება ნავთობის ინდუსტრია, რაც დიდად ავნებს სასოფლო-სამეურნეო და წარმოების სხვა პროდუქტებს, ეცემა მათი პროდუქტიულობა და ეკონომიკაც ნაკლებ ეფექტური ხდება. ეს ყოველივე იწვევს ადგილობრივი წარმოების ნაკლებ კონკურენტულობას.[3]
პეტრო-სახელმწიფოს დახასიათება მოგვცა ტერი ლინ კარლმა, რომელიც შეეცადა 1973-74 და 1979-80 წლების მოვლენების მიხედვით დაეხატა ის ნეგატიური ეფექტები, რომელიც მოაქვს ნავთობის ბუმს ქვეყნის მთლიან ეკონომიკაზე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ასეთი სახელმწიფოები ძირითადად ,,გვიან განვითარებადი” ქვეყნები არიან, რომელთაც საერთაშორისო ვაჭრობაში პერიფერიული ადგილი ეკავათ. სანამ ენერგო რესურსებს აღმოაჩენდნენ, განიცდიდნენ ადმინისტრაციული სტრუქტურების ნაკლებობას.[4] ამის განვითარება დღესაც არ მომხდარა და კვლავაც არ აქვთ ჩამოყალიბებული საბიუჯეტო სტრუქტურა. ახასიათებთ ,,არავითარი გადასახადი, არავითარი წარმომადგენლობის” ტიპის მმართველობის სისტემა.[5] შემოსავლები გადასახადის მაგივრად მთლიანად ექსპორტიდან მიღებულ თანხებზეა დამოკიდებული. ამის გამო რთული ხდება ყოველწლიური შემოსავლების წინასწარ დადგენა, რადგან ის მთლიანად ნავთობის და სხვა ბუნებრივი რესურსების ფასებზეა დამოკიდებული. ერთიანი საჯარო ბიუროკრატიის არარსებობის გამო ახასიათებს შემოსავლების უკონტროლო ხარჯვა. არ არსებობს მთავრობის ანგარიშვალდებულება და მისი დანახარჯები საჯარო განხილვის საგანი არ არის.
ნავთობის ბუმის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი არის აგრეთვე ცენტრალური მთავრობის დეცენტრალიზაცია და კონცენტრაცია. ძალაუფლებაში მყოფნი, რომელთა მთავარი დასაყრდენი ენერგო რესურსებზე მათი გავლენაა, იყენებენ სწორედ მათ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად. ეს კი გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.
ამ მოსაზრებას იზიარებს მაიკლ როსი, რომელიც გამოყოფს 3 ფაქტორს:
1. ე.წ ,,rentier effect” –მთავრობა მის ხელთ არსებული ბერკეტით ახერხებს სოციალური უკმაყოფილების შემცირებას.
2. “repression effect” – მთავრობა შემოსავლებს იყენებს შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოსახლეობაში ნაკლები დაინტერესებაა აქტიურობასა და მონაწილეობაზე. ვხვდებით სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეს.
3. “anti-modrenisation” – აქ ყურადღება ექცევა იმას, რომ მინერალური რესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით ხდება სოციალური და კულტურული ცვლილებების განხორიციელების შესაძლებლობების შემცირება.[6]

ტომას ფრიდმანის მოსაზრებით, რაც უფრო მაღალია ბუნებრივი რესურსების ფასები, მით მეტად ხდება ადამიანის უფლებების, პოლიტიკური საარჩევნო სტრუქტურის და კანონის უზენაესობის შებღალვა. იგი ასევე ამბობს, რომ მაღალი ფასების შემთხვევაში პეტრო-სახელმწიფო ნაკლებ ყურადღებას აქცევს სხვების აზრებს.[7] ეს ხდება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც, სხვა აქტორების მიმართ. ამიტომაც, ავტორი საუბრობს იმ საფრთხეზე, რომელიც ემუქრება საერთაშორისო სისტემას ამ ტიპის სახელმწიფოს მხრიდან.[8] განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა ნავთობით მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში იმიტომ, რომ უფრო და უფრო იზრდება ამ რესურსზე მსოფლიო მოთხოვნა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა 1998-2010 წლებში წელიწადში 2-3%-ით იზრდება და 2030 წლისთვის მსოფლიო მოთხოვნა ნავთობზე დღე-ღამეში 110-113 მილიონ ბარელს მიაღწევს.[9]

აზერბაიჯანი – პეტრო-სახელმწიფო
პეტრო-სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლების გამოყოფის შემდეგ განვიხილავ აზერბაიჯანს და იმ ფაქტორებს, რომლების განსაზღვრავს მას როგორც ასეთი ტიპის სახელმწიფოს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1991 წელს იგი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. პოლიტიკურად შეიძლება გამოიყოს მთიანი ყარაბახის საკითხი. ეკონომიკაში კი ცენტრალური საბჭოთა ეკონომიკურ სისტემაზე დამოკიდებულების გამო არ შეეძლო თავისი სახსრებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარება და ამ სფეროებში ინვესტიციების ჩადება. ამიტომაც ენერგეტიკული რესურსების არსებობის გამო აქცენტი გაკეთდა ნავთობის ინდუსტრიაზე. როგორც ჰოფმანი აღნიშნავს, სამმა ფაქტორმა განაპირობა აზერბაიჯანის დამოკიდებულება ნავთობის ინდუსტრიაზე: 1. ეკონომიკური, რაშიც სწორედ ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები მიზეზი იგულისხმება 2. გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული იზოლაცია. აქ ავტორი რუსეთის, სომხეთისა და ირანის მეზობლობას გულისხმობს.[10] მაშინ როცა დასავლეთის ჩარევა არ იყო ძლიერი. აქ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ სომხური ლობის გამო აიკრძალა აზერბაიჯანისთვის პირდაპირი სამთავრობო დახმარება. მესამე ფაქტორად კი მიიჩნევს ყარაბახის კონფლიქტს, რამაც სოციალური კრიზისი წარმოშო – მილიონამდე დევნილი გაჩნდა ქვეყანაში.[11] გარდა ამისა, სწორედ ნავთობის ინდუსტრია აძლევს საშუალებას აზერბაიჯანს გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი, მოახდინოს ჯარის მოდერნიზაცია და თანამდეროვე ტექნიკით აღჭურვა. მოსახლეობაში დიდი უიმედობა იყო 1990-იან წლებში ტერიტორიების დაკარგვის გამო. მოგვიანებით კი ალიევი, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები პირობას იძლევა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი გაუტოლდება სომხეთის მთლიან ბიუჯეტს.[12]
კიდევ ერთი ავტორი – დანიელ ჰერადსვაიტი – ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ნავთობის ინდუსტრია დადებით გავლენას არ მოახდენს ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე. პირიქით, მას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთ- დამაბრკოლებელ ფაქტორად მიაჩნია. ეს მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ ნავთობის ინდუსტრია დემოკრატიასა და დიქტატურას შორის ამ უკანასკნელზე აკეთებს არჩევანს.[13]
ჰეიდარ ალიევმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო ინვესტიციების მოძიება ენერგო სექტორში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად გახდა ნავთობზე დამოკიდებული. დასავლური კომპანიების ინვესტივიებით ხელისუფლებამ მოახერხა ვალუტის გამყარება და გაზრდა, გარდა ამისა, მმართველი ელიტა (როგორც ცნობილია ალიევი ნახიჩევანის კლანის წარმომადგენელი იყო) ძალაუფლების დეკონცენტრაციას ახერხებს, რაშიც ნავთობიდან შემოსულმა თანხებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
თვითონ პეტრო-სახელმწიფოს მახასიათებლებზე რომ გადავიდეთ, 2005 წლის მონაცემებით ბენებრივი რესურსები მთლიანი ექსპორტის 80%-ს შეადგენდა,[14] მაშინ როცა ეკონომიკის სხვა სექტორებს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს სოფლის მეურნეობა, რადგან იგი მოსახლეობის უმრავლესობის საქმიანობაა.
ნავთობის ინდუსტრიის დომინანტობაზე მეტყველებს ასევე უცხოური ინვესტიციებიც, რომლის 74%-ს სწორედ ამ სფეროზე მოდიოდა 1997 წელს[15] და ეს ტენდენცია დღესაც შენარჩუნებულია.
1990-იან წლებში, როცა აზერბაიჯანი ეკონომიკურად საკმაოდ განუვითარებელი იყო და ეროვნული ვალუტაც მცირე ჰქონდა, განიცდიდა ადმინისტრაციული და სახელმწიფო ინსტიტუტების ნაკლებობას და ეფექტურობას. ალიევმა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა და შექმნა ფასადური ინსტიტუტები. მართალია არსებობდა ხელისუფლების სამივე შტო, მაგრამ აშკარა იყო პრეზიდენტის უპირატესობა. როგორც კოლინსი და გუსიენოვი ახასიათებენ ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანს, აქ ვხვდებით არა რეალურად ფორმალურ ინსტიტუტებს, არამედ პერსონიზებულ, კლანურ და არაფორმალურ რეჟიმებს.[16] ასევე შექმნა პატრიმონიული სისტემა, რომლისთვისაც დამახასიათებელია პატრონ-კლიენტის ტიპის ურთიერთობები. მმართველი ელიტა თავის კლიენტს სარგებლით უზრუნველყოფს, რომელიც ანალოგიურად პასუხობს ერთგულებითა და მხარდაჭერით. ასეთი სისტემის ჩამოყალიბების დამამტკიცებელია ასევე კერძო ბიზნესის შეზღუდვა, მხოლოდ პრეზიდენტთან ან მის გუნდში შემავალ პირებთან დაახლოებულებს ჰქონდათ ამისი განხორციელების საშუალება.
ინსტიტუტებისა და ბიუროკრატიული სტუქტურების სისუსტე ელიტებს უადვილებს ენერგორესურსებზე კონტროლის დაწესებას. ისინი შემოსავლებს თავიანთ სასარგებლოდ ანაწილებენ და შედეგად ვიღებთ სიმდიდრის არათანაბარ განაწილებას. თანაც ამას ემატება ისიც, რომ ენერგეტიკულ სექტორში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული.
აზერბაიჯანში ასევე ვხვდებით ხელისუფლების მცირე დაინტერესებას იზრუნოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაზრდაზე. პრეზიდენტი და სამინისტროები მხოლოდ გასართობი საშუალებების და სხვადასხვა პროგრამებით თუ შემოიფარგლება – სპორტული კომპლექსების მშენებლობა, ინფრასტუქტურის განვითარება, სკოლების, საავადმყოფოების და სკვერების გაკეთება. ამით ხდება სოციალური მღელვარების შერბილება, რაც მაიკლ როსის ,,rentier effect”-ს ესადაგება. გარდა ამისა, იქმნება სოციალური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც სამოქალაქო საზოგადოების ნიშნებს წარმოადგენს, მაგრამ რეალურად ისინიც ხელისუფლებაზე არიან მიბმულნი. დაფინანსებას ხელისუფლებიდან იღებენ და ხშირად მათ ინტერესებს ატარებენ. ხოლო ნებისმიერი სხვა, მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი გაერთიანებები იზღუდება და მკაცრად იკრძალება.
აზერბაიჯანშიც, სხვა პეტრო-სახელმწიფოების მსგავსად არ არის განვითარებული საბიუჯეტო სისტემა. ეს გამოწვეულია იმით, რომ იგი დამოკიდებული არაა საჯარო გადასახადებზე. თუ ავიღებთ თვითონ ენერგოსექტორს, სოკარსაც, რომელიც არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს მიერ მმართული ენერგოკომპანია, კი არ აქვს დადგენილი სტანდარტული ფასები და საკონტრაქტო პირობები. ამის გამო ხშირად ხდება მის მიერ პირობების, მოგების წილის შეცვლა. ეს მეტყველებს რეგულატორული კანონების არარსებობაზე. ენერგეტიკიდან შემოსული თანხა ხმარდება ეკონომიკის სხვა სექტორების შეზღუდვას, რის შედეგადაც იქმნება ე.წ Crony capitalism-ის სისტემა. ასეთი ტიპის სისტემებისთვის დამახასიათებელია მმართველი ელიტის მიერ თავიანთი მხარდამჭერებისთვის გარკვეული ეკონომიკური ბერკეტების გადაცემა, სანაცლოდ ისინი კი გამოდიან არსებული რეჟიმის მხარდამჭერები.[17]
აზერბაიჯანის ბიუჯეტი 12 მლრდ დოლარს შეადგენდა 2008 წელს.[18] თუმცა მისი განაწილება არ ხდება თანაბრად. ხელისუფლება ანგარიშვალდებული არ არის და საჯაროდ არ ხდება გაცხადება დანახარჯების რაოდენობის შესახებ. ერთ-ერთი სფერო სადაც დიდი ფული მიდის აზერბაიჯანი ბიუჯეტიდან სამხედრო ინფრასტუქტურაა. როგორც ცნობილია, ასეთი ტიპის სახელმწიფოები შემოსავლების საკაოდ დიდ ნაწილს მიმართავენ თავდაცვითი, სადაზვერვო და სამხედრო სტრუქტურებისაკენ, რომლებიც შემდგომში უკვე გამოიყება პრო-დემოკრატიული ძალების გასაჩუმებლად. ეს ყოველივე გავლენას ახდენს კორუფციაზეც. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2007 წლის მონაცემებით 150-ე ადგილიდან აზერბაიჯანი გადავიდა 179-ე ადგილზე ქვეყანაში კორუფციის დონის მიხედვით.[19] 2008 წლის მონაცემებით კი მისი კორუფციის დონე უტოლდება უგანდის, სიერა ლეონეს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ბურუნდის იმავე მაჩვენებელს.[20]
ხელისუფლების დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით შეიძლება აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნავთობის დიდი ნაწილი აფშერონის ნ/კ-ზე მდებარებს, ეს განაპირობებს ამ რეგიონის გაბატონებულ პოზიციას. პერიფერიულ რეგიონებში ზოგჯერ არ არსებობს სამთავრობო სამსახურებიც კი. ისინი მთლიანად ცენტრზე არიან დამოკიდებულნი. ხელისუფლება ძალის კონცენტრაციას კარგად იყენებს თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს კი დემოკრატიზაციის განვითარებას აფერხებს.
აზერბაიჯანში ეკონომიკა და პოლიტიკა ურთიერთგადაჯაჭვულია. ორივე სფეროში მაღალ პოსტებზე მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირები ინიშნებიან, რითაც პრეზიდენტი იქმნის გარანტიებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მართალია არჩევნები საკონსტიტუციო ვადებში ტარდება, მაგრამ აშკარაა ხელისუფლების მიერ რესურსების თავის სასარგებლოდ გამოყენება, ოპოზიციის შეზღუდვა. 2008 წლის არჩევნების დროს მანიფესტაციების მოწყობა პრეზიდენტის ოპონენტებს მხოლოდ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით შეეძლოთ. იდევნება თავისუფალი მედია, რის გამოც ისინი თვითცენზურას მიმართავენ. ხშირია ჟურნალისტების დაპატიმრებაც. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ გამორთო BBC-ს, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის გადმოცემა ,[21] ამით ნათელი გახდა, რომ იგი შეეცადა არ მისულიყო მოსახლეობამდე თავისუფალი და ობიექტური ინფორმაცია.

ენერგორესურსების მაღალი ფასები და დემოკრატია
აზერბაიჯანის პეტრო-სახელმწიფოდ ჩამოყალიბება 90-იანი წლები მეორე ნახევრიდან დაიწყო. ამაზე დიდი გავლენა მოახდინა უცხოელ ინვესტორებს შორის კონკურენციამ, თვითონ აზერბაიჯანისადმი ინტერესის და ნავთობის ფასების ზრდამ. ამ უკანასკნელის დასამტკიცებლად მოვიყვან Freedom House-ის მონაცემებს. ნაზახხე ნაჩვენებია ის არაპროპორციული დამოკიდებულება რაც არსებობს ნავთობის ფასის ზრდასა და Aაზერბაიჯანის დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელს შორის 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე.[22]
ტომას ფრიდმანის მოსაზრებას რაც შეეხება, Aაზერბაიჯანის მაგალითზე ნათელია, რომ იგი უფრო ავტონომიური ხდება საგარეო პოლიტიკაში. იზრდება რა მისი საგარეო პროდუქტის მნიშვნელობა, შესაძლებლობა ეძლევა ლავირების პოლიტიკა აწარმოოს რუსეთსა და დასავლეთს შორის. რისი ფუფუნების საშუალებაც არ ჰქონდა 90-იან წლებში, როცა მთლიანად რუსეთში გატანილ ნავთობზე იყო დამოკიდებული.
იმისათვის რომ უფრო თვალნათლივ გამოჩნდეს ენერგორესურსების ფასების ზრდის უარყოფითი შედეგი აზერბაიჯანში დემოკრატიზაციის პროცესზე ქვემოთ განხილული იქნება თუ როგორ ამკაცრებს და უფრო მეტად ზღუდავს ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი 2003 წლიდან.
აზერბაიჯანული ნავთობით დაინტერესება დასავლეთის მხრიდან გამოიხატა 1994 წელს დადებული ხელშეკრულებით. თუმცა აზერი-ჩირაგი-გუნშერის საბადოების ათვისება არ დაწყებულა ისეთი ინტენსიურობით, როგორც ეს მოხდა უკვე 2006 წლიდან, რასაც ხელი შეუწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გაყვანამ. ამას ემატება სამხრეთ კავკასიის მილსადენი. სწორედ აქედან იწყება დიდი მოგების ერა.[23]
1990-იან წლებში ნავთობის ინდუსტრია ჯერ კიდევ არ იყო კონსოლიდირებული, ამისი განხორციელება 2000 წლისთვის მოხერხდა.[24] ხელისუფლებას არ ჰქონდა იმდენი ბერკეტი, რომ ყველა დემოკრატიული პროცესი ეკონტროლებინა. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს ხელისუფლებამ საარჩევნო კანონში ცვლილებების შეიტანა, რაც გაკრიტიკებული იქნა ეუთოსა და ოპოზიციის მიერ. მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ალიევმა გარკვეულწილად დათმო და საარჩევნო კანონი შედარებით შეარბილეს, ასევე აიკრძალა პრესის ცენზურა. ამით გამოჩნდა, რომ ამ პერიოდში ხელისუფლებას უხდებოდა როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების გათვალისწინება.
2000 წლის არჩევნები დემოკრატიის განვითარების საკმაო უკანდახევად განიხილება სვანტე კორნელის მიერ.[25] თუმცა ხელისუფლების თავისუფლად მოქცევის შეზღუდულობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პარლამენტის სპიკერად ილხამ ალიევის მაგივრად დანიშნეს მურთუზ ალიესკეროვი. როგორც ს. კორნელი აღნიშნავს, ამით გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არ სურდა პარლამენტს ლეგიტიმურობა დაეკარგა, ასევე ამ დროს ოპოზიციას შესწევდა ძალა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მობილიზაცია მოეხდინა.[26]
2003 წლისთვის შეინიშნებოდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაძლიერება. ჰ. ალიევმა მოახერხა თავისი პოსტი შვილისთვის უზრუნველეყო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციეს შორის, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ამ პერიოდისთვის რეჟიმი უკვე იღებდა ენერგორესურსებიდან შემოსავალს, რითაც შეძლო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა, ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია. 2003 წლიდან, როგორც ზემოთ მოცემულ გრაფაშია მოცემული მკვეთრად იზრდება ნავთობის ფასები. პარალელურად იზრდება შემოსავლებიც. რასაც ხელისუფლება ეფექტურად იყენებს თავისი ძალაუფლების გასამტკიცებლად. უკვე 2005-2006 წლიდან იმდენად თავისუფლად მოქმედებს, რომ ფასადური დემოკრატიის შენარჩუნებასაც კი აღარ ცდილობს, როგორც ეს ხდებოდა 1990-იან წლებში. 2005 წლის ნოემბრის არჩევნებში ეუთოს მიერ აღინიშნა მნიშვნელოვანი დარღვევები. ამ ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, არჩევნების პერიოდი ხასიათდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევებით. იზღუდებოდა შეკრება, ხდებოდა კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა და მათი დაპატიმრება. ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ჩაახშო ოპოზიციის დემონსტრაცია.[27]
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა განსაკუთრებით გაძლიერდა 2006 წლიდან. სახელმწიფო კონტროლქვეშ ექცევა ყველა სატელევიზიო არხი და რეგიონული რადიო სადგური. მართალია კვლავ არსებობდა რამდენიმე დამოუკიდებელი გაზეთი, მაგრამ შეზღუდული იყო მათი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. გარდა ამისა, ოპოზიციის შესაძლებლობები კიდევ უფრო შემცირდა. ამისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა კერძო სექტორისა და ნავთობის გარდა ეკონომიკის სხვა დარგების განუვითარებლობა, რადგან ალიევის ოპონენტებს უჭირდათ რესურსების მოძიება.[28] აზერბაიჯანი გააკრიტიკეს ჟურნალისტების შეზღუდვის გამო, 2007 წლის მონაცემებით შევიდა იმ 5 ქვეყნის სიაში, სადაც ამ პროფესიის ყველაზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული.[29]
ზემოთ მოცემულ ნახაზში ნავთობის ფასების ცვლილებას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ მათ მკვეთრ ზრდას 2007-2008 წლების განმავლობაში. აზერბაიჯანზე ეს აისახა დემოკრატიზაციის პროცესისა და ოპოზიციის მოქმედების შეზღუდვით. ამას დაემთხვა აზერბაიჯანში არჩევნებიც. სწორედ იგი გახდა შემდეგში კარგი დასტური იმისა, თუ როგორ ეფექტურად მოახერხა მთავრობამ ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსული თანხების გამოყენება. ეს აისახა მის საარჩევნო კამპანიაზე. ოპოზიციას კი როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ბაქოს ცენტრში არ მისცეს დემონსტრაციის გამართვის საშუალება. მოსახლეობის მხარდაჭერის შენარჩუნებას ხელისუფლება კი კვლავაც ახერხებდა. იზა გამბარი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავდა, რომ აზერბაიჯანელები არსებულ რეჟიმს თავისუფლების, სამსახურის და ბიზნესის დაკარგვის შიშის გამო ეგუებიან.[30]
გარკვეულწილად გამოჩნდა, რომ ენერგორესურსებიდან შემოსული თანხებით ალიევის რეჟიმი უფრო თავისუფალი გახდა შიდა პოლიტიკაში. მოსახლეობის საკაოდ დიდი ნაწილი შეგუებულია არსებული ვითარებით, რითაც რეჟიმს შიდა უსაფრთხოება გარანტირებული აქვს. საინტერესოა ასევე გარე ფაქტორებიც ანუ რამდენად შემცირდა ევროპის ან ა.შ.შ-ს მხრიდან მასზე ზეწოლა დემოკრატიული რეფორმების გატარების მოთხოვნით. როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ, ფრიდმანი მიიჩნევს, რომ ნავთობის მაღალი ფასები პეტრო-სახელმწიფოებს არამარტო საშინაო პოლიტიკაში, არამედ გარე აქტორებთანაც ურთიერთობებში უფრო ავტონომიურს ხდის.
ლუკანი და ლევიცკი პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაყოფაში მათი დემოკრატიულობის ხარისხის მიხედვით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დასავლეთთან მათ კავშირს და თვითონ დასავლეთიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლას. მათი თქმით, რაც უფრო მეტი სავაჭრო საშუალება გააჩნია რეჟიმს დასავლეთი ქვეყნებთან, მით უფრო ნაკლებად შეუძლიათ ამ უკანასკნელთ მოსთხოვონ ავტორიტარულ რეჟიმებს მოახდინონ რეფორმები და მკვეთრი ნაბიჯები გადადგან პოლიტიკური ლიბერალიზაციისკენ.[31] ეს ავტორები გამოყოფენ სამ ფაქტორს, რომელთა შემთხვევაში დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან განხორციელებული ზემოქმედება ასეთი რეჯიმების მიმართ არაეფექტურია. მათ შორის გამოვყოფ სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესების არსებობას მათთან მიმართებაში.[32]
აზერბაიჯანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. სწორედ ამითაა გამოწვეული ის მუდმივი დაპირისპირება, რაც არსებებს დასავლეთს, განსაკუთრებით კი ა.შ.შ-სა და რუსეთს შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. იმის გამო, რომ რუსეთი იმდენად ყურადღებას არ ამახვილებს აზერბაიჯანის დემოკრატიულობის ხარისხს, დასავლეთსაც გარკვეულ დონეზე უწევს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ოპოზიციის შეზღუდვაზე, დემოკრატიული პროცესების შეფერხებაზე ყურადღების შესუსტება. ევროკავშირის გააქტიურებაც შეინიშნება ენერგოუსაფრთხოების მიღწევის სურვილიდან გამომდინარე. დასავლეთის მხრიდან ინტერესის გაზრდამ თვითონ ფასებზეც იმოქმედა, გაიზარდა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობები. იგი კვლავაც ახერხებს ორივე ძალასთან დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას. მიდის მოლაპარაკებებზე როგორც რუსეთთან ნავთობის რესურსებთან დაკავშირებით, ასევე ხელს აწერს შეთანხმებას ევროკავშირთან, რის მიხედვითაც ნაბუქოს პროექტის ამოქმედების შემთხვევაში გახდება ერთ-ერთი მიმწოდებელი ქვეყანა.
აზერბაიჯანისა და დასავლეთის ურთიერთობებში ასეთი ტენდენციის გამო ხშირად ხდება დემოკრატიული ქვეყნების კრიტიკა, რომ ისინი რეგიონისადმი ინტერესს მსხვერპლად წირავენ დემოკრატიის განვითარების შესაძლებლობებს. იზა გამბარის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან თვალის დახუჭვა გავლენას ახდენს აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე და ეჭვს გამოთქვამენ ქვეყანაში მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილებების რეალურად განხორციელებასთან დაკავშირებით.[33]

დასკვნა
ამ ქვეყნის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ხელისუფლებისა და მმართველი ელიტის წარმომადგენლები გავლენას ენერგორესურსებზე თავიანთი პოზიციებისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ. ეს კი უარყოფითად აისახება დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე. თავიანთი ინტერესების დასაცავად ისინი ზღუდავენ საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, ამას რესურსებისგან მიღებული შემოსავლებით ახერხებენ. ასე რომ, ასეთი ქვეყნები ავტონომიურად მოქმედებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, არ ითვალისწინებენ რა სხვების ინტერესებს.
პეტრო-სახელმწიფოების ავტონომიური მოქმედება განსაკუთრებით შეიმჩნევა გაზისა და ნავთობის მაღალი ფასების დროს, როცა მათი მნიშვნელობა და სხვა ქვეყნების მათ პროდუქტზე დამოკიდებულება იზრდება. ამ ნაშრომის ბოლო ნაწილში მოცემული იყო ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდისა და პარარელულად აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესების ერთგვარი ურთიერთდაპირისპირება, რომლიდანაც კარგად გამოჩნდა, თუ როგორ ახერხებენ ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე ძირეული ცვლილებების შეფერხებას როცა მათ ზურგს ნავთობის ინდუსტრიიდან დიდი შემოსავლები უმაგრებთ.

Footnotes:
1. Theresa Sabonis-Helf, Post-Soviet Petro-States, The Rise of the Post-Soviet Petro-States: Energy Exports and Domestic Governments in Turkmenistan and Kazakhstan, Chapter 8, p.: 161.
2. Ceyhun Veliyev “ Is the oil-impedes-democracy claim valid?” Center For Energy Research
http://www.caspianweekly.org/center-for-energy-research/329-is-the-oil-impedes-democracy-claim-valid-is-azerbaijan-becoming-a-petro-state-if-yes-what-can-be-learnt-from-similar-experiences-of-the-past-to-prevent-some-painful-shortcomings-of-the-resource-curse.html
3. Theresa Sabonis-Helf, Post-Soviet Petro-States, The Rise of the Post-Soviet Petro-States: Energy Exports and Domestic Governments in Turkmenistan and Kazakhstan, Chapter 8, p.: 161
4. Terry Lynn Karl “The Perils of Petro-State: Reflections on the Paradox of Plenty” p.1
5. Theresa Sabonis-Helf, Post-Soviet Petro-States, The Rise of the Post-Soviet Petro-States: Energy Exports and Domestic Governments in Turkmenistan and Kazakhstan, Chapter 8, p.: 161
6. Ross, Michael, “Does Oil Hiders Democracy”? World Politics 53(April 2001), pp 325-361
7. Thomas L. Friedman, “The First Law of Petropolitics,” Foreign Policy (2006).p 25
8. იქვე, გვ, 27
9. Tom Doggett and Ayesha Rascoe, “Global energy demand seen up 44 percent by 2030”, May 27, 2009
http://www.reuters.com/article/idUSN2719528620090527
10. Hoffman, David. “Oil and Development in Post-Soviet Azerbaijan,” NBR Analyisis, vol. 10, no. 3 (August 1999), pp 10
11. Hoffman, David. “Oil and Development in Post-Soviet Azerbaijan,” NBR Analyisis, vol. 10, no. 3 (August 1999), pp 11
12. Jos Boostra, Edward Burke, Richard Youngs, “The Politics of Energy: Comparing Azerbaijan, Nigeria and Saudi Arabia”, Fride, September 2008, p.3
13. Heradsveit, Daniel. “Local Elites Meet Foreign Corporations” The Examples of Iran and Azerbaijan, no. 32, juillet-decembre 2001, citirebuli statiidan: Jeyhun Veliyev, “ Is the Oil Impedes Democracy claim valid?”, November 2009.
http://www.energyresearches.org/articles/articles/85-articles/199-is-the-oil-impedes-democracy-claim-valid-is-azerbaijan-becoming-a-petro-state-if-yes-what-can-be-learnt-from-similar-experiences-of-the-past-to-prevent-some-painful-shortcomings-of-the-resource-curse.html
14. David Woodward “Azerbaijan energy: The oil satrap” Source: The Economist
http://www.ebusinessforum.com/index.asp?layout=rich_story&doc_id=7513&title=Azerbaijan+energy%3A+The+oil+satrap&channelid=4&categoryid=29
15. Hoffman, David. “Oil and Development in Post-Soviet Azerbaijan,” NBR Analyisis, vol. 10, no. 3 (August 1999), pp 22
16. Guliyev, Farid. “Post-Soviet Azerbaijan: Transition to Sultanistic Semiautoritarianism? An Attempt At Conceptualization.” Demokratizatsiya: The Journal Of Post-Soviet Demokratization, vol. 13, no. 3(Summer 2005): p. 403
17. http://dictionary.bnet.com/definition/crony+capitalism.html
18. Leila Alieva “Azerbaijan’s Presidential Elections: Do Oil and Democracy Mix” ISS Opinion, October 2008
19. Transparency International, Corruption Perceptions Index 2007
20. Farid Guliyev, “Oil Wealth, Patrimonialism, and the Failure of Democracy in Azerbaijan,” Caucasus Analytical Digest, no. 2, Center for Security Studies at ETH Zurich, Research Centre for East European Studies at the University of Bremen (Forschungsstelle Osteuropa), Heinrich Böll Foundation, and Jefferson Institute in Washington, DC (15 January, 2009): p. 2
21. იქვე, გვ, 2
22. http://www.freedomhouse.org/template.cfm?page=44&year=2008
23. Farid Guliyev, “Oil Wealth, Patrimonialism, and the Failure of Democracy in Azerbaijan,” Caucasus Analytical Digest, no. 2, Center for Security Studies at ETH Zurich, Research Centre for East European Studies at the University of Bremen (Forschungsstelle Osteuropa), Heinrich Böll Foundation, and Jefferson Institute in Washington, DC (15 January, 2009): p. 3
24. Svante E. Cornell ,,Democratization Falters in Azerbaijan”, Journal of Democracy Volume 12, Number 2 April 2001, p. 8
25. იქვე,… გვ, 8
26. იქვე, …გვ. 10
27. Jos Boonstra,”Azerbaijan”, Fride, 2006, p. 126
28. Shahin Abbasov, Presidential Elections and the Democratization Process in Azerbaijan, Fokus Sudkaukasus, January 2008, p.5
29. იქვე,… გვ. 5
30. Leyla Boulton and Isabel Gorst, “Stability at the expense of freedom”Financial Times, Special Report, January 25 2008, p. 2
31. Lucan A. Way and Steven Levitsky, “Linkage, Leverage and the Post-Communist Divide”East European Politics and Science, Vol. 21. p. 50
32. იქვე,… გვ, 51

ბიბლიოგრაფია:
1. Leila Alieva “Azerbaijan’s Presidential Elections: Do Oil and Democracy Mix” ISS Opinion, October 2008
2. Hoffman, David. “Oil and Development in Post-Soviet Azerbaijan,” NBR Analyisis, vol. 10, no. 3 (August 1999)
3. David Woodward “Azerbaijan energy: The oil satrap” Source: The Economist
http://www.ebusinessforum.com/index.asp?layout=rich_story&doc_id=7513&title=Azerbaijan+energy%3A+The+oil+satrap&channelid=4&categoryid=29
4. Theresa Sabonis-Helf, Post-Soviet Petro-States, The Rise of the Post-Soviet Petro-States: Energy Exports and Domestic Governments in Turkmenistan and Kazakhstan, Chapter 8
5. Ceyhun Veliyev “ Is the oil-impedes-democracy claim valid?” Center For Energy Research
http://www.caspianweekly.org/center-for-energy-research/329-is-the-oil-impedes-democracy-claim-valid-is-azerbaijan-becoming-a-petro-state-if-yes-what-can-be-learnt-from-similar-experiences-of-the-past-to-prevent-some-painful-shortcomings-of-the-resource-curse.html
6. Terry Lynn Karl “The Perils of Petro-State: Reflections on the Paradox of Plenty”
7. Ross, Michael, “Does Oil Hiders Democracy”? World Politics 53(April 2001)
8. Thomas L. Friedman, “The First Law of Petropolitics,” Foreign Policy (2006)
9. http://www.freedomhouse.org/template.cfm?page=44&year=2008
10. Farid Guliyev, “Oil Wealth, Patrimonialism, and the Failure of Democracy in Azerbaijan,” Caucasus Analytical Digest, no. 2, Center for Security Studies at ETH Zurich, Research Centre for East European Studies at the University of Bremen (Forschungsstelle Osteuropa), Heinrich Böll Foundation, and Jefferson Institute in Washington, DC (15 January, 2009): p. 2-5
11. Svante E. Cornell ,,Democratization Falters in Azerbaijan”, Journal of Democracy Volume 12, Number 2 April 2001
12. Shahin Abbasov, Presidential Elections and the Democratization Process in Azerbaijan, Fokus Sudkaukasus, January 2008
13. Lucan A. Way and Steven Levitsky, “Linkage, Leverage and the Post-Communist Divide”East European Politics and Science, Vol. 21. pp. 48-66
14. Jos Boostra, Edward Burke, Richard Youngs, “The Politics of Energy: Comparing Azerbaijan, Nigeria and Saudi Arabia”, Fride, September 2008
15. Heradsveit, Daniel. “Local Elites Meet Foreign Corporations” The Examples of Iran and Azerbaijan, no. 32, juillet-decembre 2001, citirebuli statiidan: Jeyhun Veliyev, “ Is the Oil Impedes Democracy claim valid?”, November 2009
http://www.energyresearches.org/articles/articles/85-articles/199-is-the-oil-impedes-democracy-claim-valid-is-azerbaijan-becoming-a-petro-state-if-yes-what-can-be-learnt-from-similar-experiences-of-the-past-to-prevent-some-painful-shortcomings-of-the-resource-curse.html

Advertisements

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. Kety Bolkvadze said, on აპრილი 6, 2010 at 10:02 AM

    ძალიან კარგი სტატიაა!!!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: