IR

ერეკლე მეორეს საგარეო პოლიტიკა: დაბალანსებიდან მიტმასნებამდე

Posted in Articles by teonaturashvili on ივლისი 21, 2010

ავტორი: ივანე ბაძაღუა

დაწერის თარიღი: 2009, ივნისი


საერთაშორისო ურთიერთობების ცალკე სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბების მიუხედავად, ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობასა და “მეცნიერულობას”, რადგან მათთვის სათუა თეორიის საჭიროება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ზოგიერთისთვის არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ “პოლიტიკა ეს მართვის ხელოვნებაა” , რომელიც გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებას საჭიროებს და თეორიული დოგმები აქ გამოუსადეგარია. ზემოთ აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ, (საერთაშორისო ურთიერთობებში) თეორიის აუცილებლობასა და საჭიროებაზე ბევრი ნაშრომია დაწერილი. კენეთ უოლცი აღნიშნავდა, რომ საერთოშორისო პოლიტიკის თეორია უნდა ჩამოყალიბდეს მსგავსად ეკონომიკის თეორიისა, რომლის მეშვეობით მოხერხდება ფაქტების შერჩევა და ახსნა. მართალია, არ არსებობს უნივერსალური თეორია, რომელიც ერთიდაიგივე წარმატებით ახსნიდა სხვადასხვა ფაქტს, მაგრამ “საბოლოოდ ადამიანი ირჩევს თეორის, რომელიც მრავალ საკითხს ჰფენს ნათელს, მაშინაც კი როცა მისი ნამდვილობა საეჭვოა.”
რამდენად პარსიმონიულიც არ უნდა იყოს თეორია, პატარა ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვლევის სწორად წარმართვისათვის აუცილებელია თეორიის ზუსტი შერჩევა. ანარქია, ძალთა ბალანსი და თვითდახმარება ის ძირითადი ცნებებია, რომლებიც განსაზღვრავდნენ ქართლ-კახეთის სამეფოს ქცევას XVIII საუკუნის 70-80 წლებში, ამიტომ საკვლევ თეორიად ავირჩიე ნეორეალიზმი, რომლისთვისაც საერთაშორისო სისტემის ზემოთჩამოთვლილი მახასიათებლები ფუნდამენტურია.
ნეორეალიზმი ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის 70იან წლებში და მასზე დიდი გავლენა იქონია მეორე დებატებმა საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიტივისტებსა და ბიჰევიორისტებს შორის. ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია კენეთ უოლცი, რომელიც ცდილობდა თავის ნაშრომებში საერთაშორისო ურთიეთობების დისციპლინისათვის მეცნიერული ელფერი მიეცა.
ნეორეალისტები საერთაშორისო სისტემას განიხილავენ ანარქიულად, რადგან არ არსებობს ცენტრალური ხელისუფლება, რომელსაც სუვერენული სახელმწიფოები აღიარებენ. სწორედ ამიტომ სახელმწიფოები, რომლებსაც ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან შესაძლებლობებით, იმყოფებიან თვითდახმარების რეჟიმში საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც მერყეობს “გადარჩენიდან – მსოფლიო ბატონობამდე”. ნეორეალიზმის მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკისადმი არის “სახელმწიფო-ცენტრული” , მართალია ისინი აღირებენ სხვა აქტორებსაც, მაგრამ მათთვის ანალიზის მთავარი ობიექტი არის სახელმწიფო, კერძოდ ძლიერი სახელმწიფო. კენეთ უოლცი ამბობს, რომ სახელმწიფოთა ქცევას განსაზღვრავს სტრუქტურა, ამიტომ რეალიზმის ამ მიმდინარეობას სტრუქტურულ რეალიზმსაც უწოდებენ. მარტივად რომ ვთქვათ, მართალია სისტემა იქმნება მის შემადგენელ ერთეულთა ურთიერთქმედების შედეგად, მაგრამ ჩამიყალიბების შემდეგ იგი(სისტემა) ახდენს ზეგავლენას მათ ქცევაზე, განაპირობებს ქცევას. ნეორეალისტების კონკრეტულ მოსაზრებებს სახელმწიფოთა ქცევასთან დაკავშირებით ქვემოთ განვიხილავ კონკრეტულ (ქართლ-კახეთის) მაგალითზე.
კვლევის თემატიკიდან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია ეპოქისა და რეგიონში შექმნილი სიტუაციის მოკლე მიმოხილვა.
აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნეში კავკასიის რეგიონში საკუთარი ინტერესები გააჩნდა სამ ძლევამოსილ იმპერიას: რუსეთს, სუნიტურ ოსმალეთსა და შიიტურ სეფიანთა სპარსეთს. მეომარ მხარეთა მიზანი ტრადიციული იყო: ხარკი, სამხედრო ალაფი და სავაჭრო გზების კონტროლი. ძირითად სადავო ტერიტორიასა და ბრძოლის ველს წარმოადგენდა დასავლეთ სომხეთი, სამხრეთ აზერბაიჯანი და სამხრეთ კავკასია , ამიტომ ამ ტერიტორიებზე ფერხდებოდა პოლიტიკური პროცესები. ნეორეალისტების სიტყვებით თუ ვიტყვით, “იმ გარემოში, სადაც სისტემის იერარქიას სახელმწიფოები თავიანთი ძლიერების შესაბამისად ქმნიან, ბუნებრივია, რომ პატარა, სუსტი ქვეყნების სიცოცხლისუნარიანობა, პირველ ყოვლისა, ძლიერი სახელმწიფოების ინტერესებით განისაზღვრება.” ამის ნათელი მაგალითია ის, რომ შაჰი და სულტანი XVI-XVII საუკუნეებში იყოფდნენ ქართულ ტერიტორიებს, თითქოს იქ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არც არსებობდა. 1555წ. ამასიის ზავით ქართლ-კახეთი და ახლციხე სპარსეთმა მიიღო, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხე საათაბაგოს ნაწილი – ოსმალეთმა. 1639 წლის ხელშეკრულებით კი ახალციხე ოსმალეთს გადაეცა… რელიგიური დროშების ქვეშ მეომარ ამ ორ იმპერიას XVIII საუკუნეში დაემატა რუსეთიც, რომელმაც თავისი გამოჩენა კავკასიაში “გააფორმა” პეტერბურგის ხელშეკრულებით (1723წ.) სპარსეთთან და სტამბოლის ხელშეკრულებით (1724წ.) ოსმალეთთან. (აღანიშნავია, რომ ამ შეთანხმებით რუსეთმა დროებით ცნო ოსმალეთის უფლებები ქართლ-კახეთზე.)
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, როცა ქართლ-კახეთზე პრეტენზიას აცხადებდა ექსპანსიონისტური პოლიტიკით შეიარაღებული სამი სახელმწიფო, ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი იყო ლავირება ამ სამ ძალას შორის და მათგან უძლიერესის დაბალანსება.
ძალთა ბალანსის სისტემაში კავშირების შექმნა, მოკავშირეების ძიება და აღზევების გზაზე მდგარი ძალის დაბალანსება-გაწონასწორება ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან სისტემის ანარქიულობის გამო სახელმწიფოები იმყოფებიან თვითდახმარების რეჟიმში და ომი ყოველთვის მოსალოდნელია. “როცა უამრავი სუვერენული სახელწიფოა, როდესაც მათ შორის არ ფუნქციონირებს ყველასათვის სავალდებულო სამართლის სისტემა… კონფლიქტი, რომელიც ზოგჯერ ომს იწვევს, გარდაუვალია”.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნეორეალისტების მთავარი პოსტულატია, რომ საერთაშორისო სისტემის ანარქიულობა განსაზღვრავს სახელმწიფოთა ქცევას. ასეთ გარემოში სახელმწიფოები ცდილობენ, ნებისმიერი საშუალებებით საკუთარი მიზნების რეალიზებას, საშუალებათა დიაპაზონი არც ისე მცირეა – საკუთარი შესაძლებლობების გაზრდიდან მოკავშირეთა ძალის დამატებამდე. პატარა სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი რესურსებით უსაფრთხოების უზრუნველყოფა, იძულებულია კავშირის შექმნაზე იზრუნოს. ალექსანდრე რონდელი გამოყოფს კავშირების შექმნის ოთხ მიზეზს:
• პასუხი გარეშე საფრთხეზე
• სახელმწიფოთა იდეოლოგიური სოლიდარობა თუ სიახლოვე
• უცხო სახელმწიფოს დახმარება
• ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეში შეღწევა
კვლევის თემატიკიდან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველი მიზეზი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ის სხვებთან შედარებით უფრო მეტად “გავცელებულია”.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ერეკლეს საგარეო პოლიტიკით (ვგულისხმობ იმას, რომ 1768-74წწ. ომში ერეკლე რუსეთის მხარეს იბრძოდა. შაჰი კარგად ხვდებოდა, რომ რუსულ-ქართული ლაშქარი არც არეზს გადაგმა გასვლაზე იტყოდა უარს) “განაწყენებული” შაჰიც ემზადებოდა მის “დასასჯელად”. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მაშინ რუსეთის მხარეზე გამოსვლამ ერეკლესა და მის სამეფოს კარგი არაფერი მოუტანა, დახმარების მაგივრად რუსულმა შენაერთებმა ასპინძის ბრძოლაში მეფე მარტო დატოვეს და რუსი გენერალი ტოტლებენი პარალელურად ქართველებს იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებას აიძულებდა. მეფე ერეკლე, მართალია გვიან, მაგრამ მიხვდა, იმპერატორ ეკატერინეს ჩანაფიქრს, რომელსაც ქართულ მიწაზე განერალი ტოტლებენი ახორციელებდა. ქართლ-კახეთს მაშინ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჰქონდა, და იგი თანაბრად სჭირდებოდა, როგორც რუსეთს ასევე სპარსეთსა და ოსმალეთს. ქონდა რა ლავირების საშუალება, მეფე ერეკლემ გადაწყვიტა მიმხრობოდა ოსმალეთს, რომელსაც მაშინ მნიშვნელოვანი შიდა პრობლემები ჰქონდა, ასე აპირებდა მეფე რუსეთის დაბალანსებას, ირანის შეკავებასა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.
სტეფან ვოლტი გამოყოფს ორ ძირითად მიზეზს რატომაც სახელმწიფოები ირჩევენ დაბალანსებას სუსტთან კავშირში შესვლით:
• ძლიერთან კავშირში შესვლა გულისხმობს მომავალში მისი კეთილმოსურნეობის იმედზე ყოფნას, რაც პოლიტიკაში არც ისე საიმედოა;
• სუსტთან შეთანხმება ზრდის სახელმწიფოს გავლენას, რადგან მისი დახმარება სუსტისთვის აუცილებელია;
მეფე ერეკლე არ მიემხრო რუსეთსა და სპარსეთს, რადგან არც ისე შორეულ წარსულში ქართლ-კახეთის სამეფომ იგემა ერთ-ერთი მათგანის კეთილმოსურნეობის იმედზე ყოფნის შედეგი – ტოტლებენის პოლიტიკა და იმპერატორ ეკატერინეს შორსმიმავალი გეგმები. როგორც აღვნიშნე, ოსმალეთი იმ პერიოდში შინგანი დაშლის გზით მიექანებოდა: იზმირის, ანკარას, ლაზისტანის, ახალციხისა და სხვა საფაშოები ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ … 1776 წელს ოსმალეთმა დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქი ბასრა… 1776 წელსვე შედგა შეთანხმება ოსმალეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. უოლციც აღნიშნავს, რომ “მეორეხარისხოვანი სახელმწიფოები შედარებით სუსტს ემხრობიან… რადგანაც სუსტის მხარეს ისინი უფრო დაფასებულნი და უსაფრთხონი არიან.” შეთანხმების დადების შედეგად ერეკლეს განსაკუთრებული მოკრძალებით უყურებდა რუსეთი, ირანი და ოსმალეთიც .
XVIII საუკუნის 80იანი წლებისათვის რეგიონში ვითარება შეიცვალა. ერეკლემ, რომელსაც ოსმალეთის დახმარების იმედი ჰქონდა, 1979 წელს ერევნის სახანოზე გაილაშქრა, რომელიც მაშინ სპარსეთის მფარველობაში იყო. სწორედ მაშინ, როცა ერეკლე ერევანში იბრძოდა, გამოჩნდა ქართლის ტახტის პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე. ეს ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ რუსეთი ქართლ-კახეთის “დანებებას” არ აპირებდა (ალექსანდრე ბაქარის ძე რუსეთიდან მოხვდა სპარსეთში და შემდეგ იმერეთში). რუსეთის გააქტიურებას კავკასიაში ხელი შეუწყო იმანაც, რომ იმ პერიოდში გარადაიცვალა სპარსეთის შაჰი ქერიმ ხანი და სპარსეთი შიდა არეულობებმა მოიცვა.
თუ გავაანალიზებთ ქართლ-კახეთის გარშემო შექმნილ სიტუაციას ვნახავთ, რომ რეგიონზე კვლავინდებურად პრეტენზიას აცხადებდა სამი ძალა: აღმავლობის გზაზე დამდგარი რუსეთი, შედარებით სუსტი ოსმალეთი და სპარსეთი, რომელიც შიდა არეულობებსა და ძალაუფლებისათვის ბრძოლას მოეცვა. უოლცის მიერ შემოთავაზებული ძალთა ბალანსის თეორიის მიხედვით ქართლ-კახეთს კავშირი უნდა დაემყარებინა სპარსეთთან ან უკიდურეს შემთხვევაში ოსმალეთთან, რათა გაეწონასწორებინა აღმავლობის გზაზე დამდგარი რუსეთი, მაგრამ ასე არ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ნეორეალისტები ახდენენ რა ფოკუსირებას ძლიერ სახელმწიფოებზე, რომლებიც ქმნიან თამაშის წესებს ყველასათვის , თითქოს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ პატარა სახელმწიფოების სპეციფიკას. ჩემი აზრით, სწორედ პატარა სახელმწიფოა ის გამოცდა, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი თეორია ვერ “ძლევს”.
სინამდვილეში პატარა სახელმწიფოთა მოქმედების დიაპაზონი არც ისე დიდია, როგორც ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს, სუსტი სახელმწიფოებისათვის ისიც ბედნიერებაა, თუ მათ ძლიერებს შორის მანევრირების, ლავირების საშუალება აქვთ. ლავირების შედეგი კი ხშირად არის გაწონასწორება, ან “მიტმასნება”. ის, თუ რა შემთხვავეში ირჩევენ სახელმწიფოები დაბალნსებას, ჩვენ უკვე განვიხილეთ, ახლა კი განვიხილოთ “მიტმასნება”, რომელიც თითქოს ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი იყო ქართლ-კახეთის სამეფოსთვის 1783 წელს.
სტეფან ვოლტი აღნიშნავს, რომ სუსტმა სახელმწიფომ შეიძლება დააბალანსოს მეორე შედარებით სუსტი სახელმწიფო, მაგრამ იგი “მიეტმასნება” საფრთხეს, როცა დაემუქრებიან . როგროც აღვნიშნე, დაბალანსება ხდება ომის საწყის ეტაპზე, ან მაშინ როცა მეორე მხარე ჯერ კიდევ არ არის საკმარისად გაძლიერებული, “მიტმასნების” შემთხვევაში კი სახელმწიფო არჩევს “მიტმასნებას”, რადგან მისი აზრით, აგრესორის შეკავება-შეჩერება შეუძლებელია. 1774-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთმა შეიერთა აჭარა-ქობულეთი, არტაანისა და ყარსის ოლქები. საფრთხის აღქმაზე საუბრისას კონსტრუქტივისტები იტყვიან, რომ ეს ყველაფერი ლიდერის აღქმაა და ამ აღქმის საფუძველზე ყალიბდება საკუთარი იდენტობა. მაგრამ ობიექტური რეალობა ასეთ სურათს სახავდა იმ პერიოდში: რუსეთი სულ უფრო და უფრო სწრაფად მოიწევდა კავკასიისკენ, ქვეყნის შიგნით კი გამოჩნდა ტახტისათვის მებრძოლი ალექსანდრე ბაქარის ძე. სავარაუდოა, რომ ერეკლესათვის უცნობი არ იქნებიდა რუსეთის იმპერიის გეგმები, რომელსაც ევროპელმა დიპლომატებმა “საბერძნეთის პროექტი” უწოდეს. ამ გეგმით ევროპიდან სრულიად უნდა განედევნათ თურქები და აღედგინათ საბერძნეთის იმპერია, რომლის მეფედ რუსეთის კარის წარმომადგენელს ვარაუდობდნენ. ცხადია, ბალკანეთზე გასვლას რუსეთი კავკასიის გავლის გარეშე ვერ მოახერხებდა და ეს კარგად იცოდნენ ქართლ-კახეთის დიპლომატებმა.
“მიტმასნებას” ყოველთვის ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
• შიში – სუსტი სახელმწიფო თვლის, რომ სახელმწიფო, რომლისგანაც საფრთხე მოდის “მიტმასნილ” მიკავშირეს დაინდობს;
• სიხარბე – მოლოდინი იმისა, რომ გამარჯვების შემთხვევაში “უფროსი ძმისგან” სუსტ მოკავშირეს “საჩუქრად” რაიმე ერგება;
პირველ შემთხვევაში “მიტმასნება” თავდაცვის მიზნით ხდება, მეორე შემთხვევაში სარგებლის მიღების იმედით (ამაზე კარგად წერს რენდალ შველლერი სტატიაში “მიტმასნება სარგებლის მისაღებად”, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შველლერს უფრო ნეოკლასიკური რეალიზმის წარმომადგენლად მიიჩნევენ, მისი მოსაზრებების გამოყენებისაგან თავს შევიკავებ.)
ქართლ-კახეთის შემთხვევაში თითქოს ორივე ფაქტორი თანაბრად აქტუალური იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთის კავკასიაში დამკვიდრება მხოლოდ დროის საკითხი იყო და ერეკლეს მისთვის დასაპირისპირებელი ძალა რეალურად არ გააჩნდა, მეორეც, რუსეთთან “მიტმასნებით” ერეკლეს ოსმალეთისა და სპარსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება და ლეკთა თარეშის მოსპობა ჰქონდა განზრახული.
Aაღსანიშნავია, რომ ნეორეალისტები აღიარებენ საგარეო პოლიტიკის პრიმატს საშინაო პოლიტიკაზე. მათი განცხადებით, შიდა პრობლემების გამო სახელმწიფო არ შეცვლის ქცევას და საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის. როგორც შესავალშიც აღვნიშნე, რაოდენ პარსიმონიულიც არ უნდა იყოს თეორია იგი ყველა ფაქტს ვერ ახსნის, ამასვე ითვალისწინებს მისი პარსიმონიულობა. საშინაო მდგომარეობამ, კერძოდ იმან, რომ ალექსანდრე ბაქარის ძე, როგორც ქართლის ტახტის პრეტენდენტი, მნიშვნელოვანი იარაღი იყო რუსეთის ხელში. ჩემი აზრით, ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ერეკლეს ქმედება, უფრო სწორად საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი იყო მისი ქცევისა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ტახტის შენარჩუნების საკითხი არც ისე მეორეხარისხოვანი იყო.
უოლცი ამბობს, რომ “მიტმასნება” ეს ჩვეულებრივი და მისასალმებელია ქვეყნის შიდა პოლიტიკაში: როცა პოლიტიკური პარტიები თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევენ, ლიდერები ქმნიან კოალიციას, რათა დანარჩენების წინსვლას წინ აღუდგნენ… მაგრამ როგორც კი გამოჩნდება, რომ რომელიმე იმარჯვებს, ისინი მსწრაფლ მიეტმასნებიან მას. სრულიად სხვა სურათია საერთაშორისო დონეზე აქ “ არც ერთ დიდ სახელმწიფოს არ სურს, რომ მათი რიგიდან რომელიმე ლიდერი გახდეს” . ალბათ, ამ შემთხვევაში უოლცს უნდა დავეთანხმოთ – სახელმწიფო, რომელსაც თვითონ აქვს პრეტენზია ლიდერობაზე სხვის ჰეგემონობას არ შეეგუება, მაგრამ სულ სხვა სურათია ქართლ-კახეთის სახელმწიფოს შემთხვევაში, რომლის მიზანი არა “მსოფლიო ბატონობა”, არამედ “გადარჩენა” იყო.
“მიტმასნებისაკენ” ერეკლეს რუსეთმაც უბიძგა, რომელსაც, როგორც აღვნიშნე, სჭირდებოდა პლაცდარმი კავკასიაში. ვოლტი ამბობს, რომ ასეთი სახის პროვოკაცია დიდი სახელმწიფოების მხრიდან ლოგიკური და მოსალოდნელია.
1783 წლის 24 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში ხელი მოეწერა ტრაქტატს, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა როგორც “გეორგიევსკის ტრაქტატი”. ეს იყო კლასიკური მაგალითი “მიტმასნებისა”: შეთანხმების პირველ ცამეტ მუხლში საუბარი იყო იმაზე, თუ რაში იზღუდებოდა და რა პრივილეგიებს მიიღებდა ქართლ-კახეთის სამეფო. ბოლო ოთხ დამატებით სეპარატისტულ არტიკულში იყო ნათლად ასახული “მიტმასნები” ელემენტი:
• “უფროსი ძმისაგან სარგებლის მიღება” – რუსეთი ეცდებოდა, დაებრუნებინა ქართლ-კახეთისათვის მტრისაგან მიტაცებული მიწები;
• ჩვიდმეტივე მუხლი ერთად აღებული ზრუდავდა ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის წარმოებაში – რუსეთს “გადაეცა” სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი;
კვლევის თემატიკიდან გამომდინარე მე არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შდეგები მოუტანა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან “მიტმასნებამ”, მაგრამ ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ მეფე ერეკლე ცდებოდა, რუსეთს, ისევე როგორც, საქართველოს დაპყრობის მსურველ ყველა ქვეყანას არ სჭირდებოდა ერთიანი და ძლიერი საქართველო. რუსეთს სჭირდებოდა სუსტი სახელმწიფო, რომელსაც მის იქით გზა არ ექნებოდა.
აქ მართლდება ნეორეალისტების მოსაზრება, რომ ძლიერის კეთილმოსურნეობის იმედზე ყოფნა არც ისე საიმედოა საერთაშორისო ურთიერთობებში. მაგრამ მაშინ მეფე ერეკლეს სხვა გზა არ ჰქონდა: მან თავიდანვე სცადა “მოკავშირის ძალის დამატებით” ძლიერის დაბალანსება – რისი მაგალითიცაა ზემოთგანხილული შეთანხმება ოსმალეთთან. ნეორეალისტების მიხედვით, სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აქვს მეორე გზაც: საკუთარი შესაძლებლობების გაზრდა; სწორედ ამ მიზნით სცადა ქართლ-კახეთმა 80-იანი წლების დასაწყისში ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარება. ამ მიზნით მეფე ერეკლემ კათოლიკე მისიონერები დაიახლოვა. ეს დაახლოება გამოწვეული იყო სურვილით, რომ მისიონერები მუდმივი ჯარის შექმნაში გამოეყენებინა. მეფეს, როგროც ჩანს, შესაძლებლად მიაჩნდა, ფულადი სახსრების მიღება ევროპის რომელიმე სახელმწიფოსგან და ამ ფულით ჯარის მოდერნიზება.
მართალია, საკითხავია რამდენად რეალური იყო ერეკლეს მიზნების განხორციელება დახმარების მიღების შემთხვევაშიც, მაგრამ ევროპამ მაშინ მისი თხოვნა უპასუხოდ დატოვა. საფრთხე “კარს იყო მომდგარი” და მეფემაც მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება: “მიეტმასნა” საფრთხეს “გადასარჩენად” და სარგებლის მისაღებად.
ვფიქრობ, ნეორეალიზმმა თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით მომცა საშუალება მეტ-ნაკლებად ზუსტად ამესახა ერეკლეს საგარეო პოლიტიკის თავისებურებანი, რომელიც მნიშვნელოვნად იყო განპირობებული “ანრქიითა და ცენტრალური ხელისუფლების არარსებობით”. იყო რა თვითდახმარების რეჟიმში და საკუთარი შესაძლებლობები არ აძლევდა უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველყოფის საშუალებას, მოკავშირეთა ძიება იქცა ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად, რადგან ამ გზით იგი ახერხებდა ძლიერთა დაბალანსებას. როგორც ვოლტი აღნიშნავს, დაბალანსება მისაღებია ომის საწყის ეტაპებსა და მოწინააღმეგის შედარებითი სისუტის შემთხვევაში. მეფე ერეკლე ასეც მოიქცა, როცა კავშირი შეკრა ოსმალეთთან 1776 წელს. მაგრამ როცა ცხადი გახდა, რომ რუსეთის დაბალანსება ამ გზით შეუძლებელი იყო, “მიეტმასნა” მას… ნეორეალიზმის “მამამთავარი” კენეთ უოლცი “მიტმასნებას” ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან მისი აზრით სახელმწიფოთა მთავარი მიზანი უსაფრთხოებაა და არა ძალა , ძალა რომ მათი მიზანი იყოს მივიღებდით მსოფლიო ჰეგემონიას. ცხადია, რომ აქ უოლცი საუბრობს ძლიერ სახელმწიფოებზე, რომლებიც სხვის ჰეგემონობას ხელს არ შეუწყობენ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სუსტი სახელმწიფოების წინაშე სულ სხვა გამოწვევებია – მათთვის მთავარია გადარჩენა. ვოლტიც ნეორეალისტია და ისიც თვლის, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში დაბალანსება უფრო ხშირია, მაგრამ იგი აღნიშნავს, რომ სუსტი სახელმწიფოები ხშირად “მიტმასნებისკენ” იხრებიან და ამისკენ მათ სტრუქტურა უბიძგებს. ჩემი აზრით, ერეკლე მეორეს საგარეო პოლიტიკა XVIII საუკუნის 70-80 წლებში ასახავს ვოლტის მოსაზრებებს – დროის მცირე მონაკვეთში ქართლ-კახეთის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა დაბალანსებიდან “მიტმასნებისკენ”.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეკა აკობია, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, სამოქალაქო ინიციატივების ინსტიტუტი, 2006
2. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, ქრესტომათია, სამოქალაქო ინიციატივების ინსტიტუტი, 2004
3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი II, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1973
4. ზურაბ კუპრეიშვილი, საქართველოს ისტორია, პირველი ნაწილი, თბილისი, 2003
5. რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი, სივრცე, ხალხი და პოლიტიკა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2008
6. კენეთ უოლცი, ადამიანი, სახელმწიფო და ომი, გამომცემლობა ჯისიაი, თბილისი, 2003
7. ალექსანდრე რონდელი, საერთაშორისო ურთიერთობები, გამომცემლობა “ნეკერი”, თბილისი, 2006
8. გეორგიევსკის ტრაქტატი, გამომცემლობა ”მეცნირება”, თბილისი, 1983
9. ენდრიუ ჰეივუდი, შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებაში, თბილისი, 2003
10. http://www.questia.com/googleScholar.qst;jsessionid=LK4J1VG4CshWpnZDBQLMBC00rlVZ3QFJLxVTWXh1QJy2flvhZLNl!-1778128411!1581092936?docId=5006090307
11. http://pweb.jps.net/~gangale/opsa/ir/Alliance_Theory.htm
12. http://www.ou.edu/uschina/texts/WaltAlliances.pdf
13. http://www.helvidius.org/files/2004/2004_Waltz.pdf
14. http://wikisum.com/w/Waltz:_Theory_of_international_politics

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: